საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლონდონში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის თქმით, უწყებიდან პირადი შეხედულებისთვის გაუშვეს

ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ფანიაშვილი Facebook-ზე წერს, რომ სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკული სტატიების წერის გამო გაათავისუფლეს.

ტელეკომპანია მთავართან საუბრისას ფანიაშვილი ამბობს, რომ მისი მოსაზრებების და დაწერილი სტატიების გამო, საქართველოს ელჩმა ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავამ გააფრთხილა, რომ მას ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა სამსახურში. შემდეგ კი, ფანიაშვილის თქმით, უსაფუძვლოდ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც ვერაფერი დადგინდა და საბოლოოდ რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

"აქ არაფერი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და არაეთიკური არ იყო. არც პერსონალურ კრიტიკას შეიცავდა ჩემი მოსაზრებები და არც რომელიმე პარტიას უკავშირდებოდა. დაიწყო ჯერ იმით, რომ გამაფრთხილა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, რომ ეს გამოიწვევდა პრობლემებს სამსახურში, ვინაიდან დიპლომატებიდან არავინ არ წერდა. მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი გამოქვეყნებული მოსაზრებები პრობლემური უნდა იყოს. ამის შემდეგ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება, ე.წ დისციპლინური წარმოება, რომლის შედეგადაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ დაადგინეს. [...] რომ განახოთ, რის საფუძველზე დაიწყო, მერე ჩემი პასუხი მასზე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, როგორ ითითხნება საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორ იწყება და როგორ სრულდება დისციპლინური წარმოება". – ამბობს ფანიაშვილი

ინფორმაციის დასაზუსტებლად ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ბრალდებებს უარყოფენ.

სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, სამინისტროში რეორგანიზაცია 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც ის დიპლომატიური პოზიცია, რაც გიორგი ფაჩუაშვილს ეკავა, გაუქმდა. სამინისტროს თქმით, რეფორმის შედეგად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, საერთო ჯამში 9 თანამდებობა გაუქმდა. სამინისტროს მიხედვით გიორგი ფანიაშვილს რეორგანიზაციის შესახებ ერთი თვით ადრე ეცნობა და „პროფესიული მოხელის მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199 დადგენილების შესაბამისად მისთვის შეთავაზებულ იქნა სისტემაში (კერძოდ დიპლომატიურ მისიებში) ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, რაზეც გიორგი ფანიაშვილმა უარი განაცხადა.

სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თქმით, ასევე, გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად წერდა სტატიებს სხვადასხვა ონლაინ-საინფორმაციო გამომცემლობისთვის, რა დროსაც მას სამინისტროსგან წინააღმდეგობა არ ჰქონია.

"რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უწყების მისამართით თანამშრომლის უსაფუძვლო ბრალდებას, აღსანიშნავია, რომ გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასვხა ონლაინ-საინფორმაციო საშუალებებთან და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რა დროსაც მას არ ჰქონია წინააღმდეგობა უწყების მხრიდან. შესაბამისად, ფაქტები ცხადყოფს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს და იცავს უწყების ყველა თანამშრომლის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის წესების დაცვის ფარგლებში". – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

კომენტარები