COVID-19-ის ვაქცინა

განა პირველი ქვეყანაა, რომელმაც კოვაქსის პლატფორმით COVID-19-ის ვაქცინა მიიღო

UNICEF GHANA

განა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა კოვაქსის პლატფორმის საშუალებით მიიღო. ასტრაზენეკასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი წარმოების ვაქცინის 600 000 დოზა განამ ოთხშაბათს, 24 თებერვალს მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და Unicef-ის საერთო განცხადების თანახმად, განაში ვაქცინების გაგზავნა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია პანდემიასთან ბრძოლაში.

"განაში COVID-19-ის ვაქცინების ჩასვლას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პანდემიის დასრულებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიის დაწყების შემდეგ განაში კორონავირუსის 80 700 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 580 ადამიანი. თუმცა ქვეყანაში მცირე რაოდენობით ტესტი კეთდება და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინფექციის გავრცელების რეალური მაჩვენებლები უფრო მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა კოვაქსი გამიზნულია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ვაქცინების თანაბარ გადანაწილებას. პლატფორმის მიზანია წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მთლიანობაში კორონავირუსის ვაქცინის ორი მილიარდი დოზის მიწოდება.

პლატფორმის საშუალებით ვაქცინების მიღებას ელოდება საქართველოც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, კოვაქსის პლატფორმიდან საქართველოსთვის ფაიზერის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო.

"ფაიზერი არის ერთერთი დიდი მწარმოებელი დღეს, უნდა, რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც, პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში, 4 მათ შორის იყო ევროპული, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჯერ [ვერ მივიღეთ], გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით ფაიზერთან მიმართებით". – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ მუშაობენ კოვაქსით და ასევე პირდაპირი მოლაპარაკებებით ასტრაზენეკასგან ვაქცინების მიღებაზე და "თუ არ დაგვაღალატეს, ასტრაზენეკას რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია".

კომენტარები