2008 წლის აგვისტოს ომი

ბოხაშვილი: სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთზეც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ბესარიონ ბოხაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში "ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი ახორციელებს აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს". 

ბესარიონ ბოხაშვილი ამას სასამართლოს გადაწყვეტილების 298-ე პუნქტზე დაყრდნობით ამბობს, სადაც სასამართლო წერს: 

"სასამართლო მხედველობაში იღებს მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს ჟენევაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილების საპოვნელად. მიუხედავად ამისა, მანამ, სანამ ეს გადაწყვეტა მიღწეული იქნება, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობებსა და რუსეთის ფედერაციას, რომელსაც გააჩნია ეფექტური კონტროლი ამ რეგიონებზე, აქვთ ვალდებულება, საშუალება მისცენ ქართული წარმომავლობის მოსახლეებს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, კონვენციის შესაბამისად, მათი ვალდებულებების თანახმად". 

ბესარიონ ბოხაშვილის შეფასებით, ასეთ ჩანაწერს არავინ მოელოდა მაშინ, როდესაც პირველად დაიწყო სარჩელის შეტანა. 

"ის, რაც ევროპულმა სასამართლომ ჩაწერა ამ გადაწყვეტილებაში, აჭარბებს იმ მოლოდინებს, რაც შეიძლება ჰქონოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ვისაც დღეს ეს გადაწყვეტილება გაგვიხარდა. 

  1. მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის პირველი და ერთადერთი გადაწყვეტილება, სადაც ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველოს დე-იურე ტერიტორიაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ოკუპანტი სახელმწიფო და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე მას ეკისრება პასუხისმგებლობა;
  2. ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში თქვა ისეთი რამ, რაც ხელს უხსნის კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც დაერღვათ უფლებები აფხაზეთში, რომ მათ ჯეროვნად ამტკიცონ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე.

გამოდის, რომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში, რომელშიც საქართველო დაობდა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, იქ არსებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, ფაქტობრივად, ეს ეფექტიანი კონტროლი გაავრცელა არამხოლოდ სამხრეთ ოსეთზე, არამედ აფხაზეთზეც. ეს ნიშნავს, რომ ამ სასამართლო გადაწყვეტილებით გზა გაეხსნათ კონკრეტულ პირებს, რომ იდაონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". – ამბობს ბესარიონ ბოხაშვილი. 

კომენტარები