აშშ

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმაურებიან

ბორის ჯონსონი

ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა. მსოფლიოს არაერთი ლიდერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას გამოეხმაურა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ის ბაიდენთან ახლო მუშაობას ელის და ბრიუსელში NATO-ს სამიტზე ეპატიჟება - "ჩვენი ფოკუსი იქნება NATO2030, ინიციატივა, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი გახდეს და მომავალს მოერგოს".

"აშშ დაბრუნდა. და ევროპა მზადაა, რომ ხელახლა დავუკავშირდეთ ძველ, სანდო პარტნიორს, რათა ჩავისუნთქოთ ახალი სიცოცხლე ჩვენ ძვირფას ალიანსში. მე ველი ჯო ბაიდენთან ერთად მუშაობას". – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პარლამენტში საუბრისას თქვა, რომ ის ელის ჯო ბაიდენთან და ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებას და ერთობლივ პრიორიტეტებზე მუშაობას - "კლიმატის ცვლილებების დაძვრა, პანდემიიდან ხელახლა, უკეთესად შენება და ჩვენი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერება".

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ უოლტერ შტაინამიერმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დღეს დემოკრატიისთვის კარგი დღეა - "აშშ-ში უდიდეს გამოწვევებს დაუპირისპირდნენ და ამას გაუძლეს. მიუხედავად ამერიკის ინსტიტუციური სტრუქტურის გატეხვის მცდელობისა, არჩევნებზე მომუშავე პირები და გუბერნატორები, სასამართლო და კონგრესი ძლიერი აღმოჩნდა. ძალიან დამშვიდებული ვარ, რომ დღეს ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ფიცს დებს და ის გადავა თეთრ სახლში. მე ვიცი, რომ გერმანიაში ბევრი იზიარებს ამ გრძნობას."

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა, ბაიდენის გამარჯვებას დემოკრატიის გამარჯვება უწოდა და გაიხსენა აშშ-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. 

"ბაიდენის გამარჯვება წარმოადგენს დემოკრატიის გამარჯვებას ულტრამემარჯვენეებსა და მათ სამ მეთოდზე - მასობრივ მოტყუებაზე, ეროვნულ დაყოფაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, თუნდაც ძალადობრივად... ხუთი წლის წინ ვფიქრობდით, რომ ტრამპი ცუდი ხუმრობა იყო, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მივხვდით, რომ მან საფრთხეში ჩააგდო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატია". – განაცხადა მან. 

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, პარლამენტში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაუყოვნებლივ დაიწყებენ მუშაობას - "ჩვენ გვაქვს ერთიანი, ძლიერი დღის წესრიგი, ეფექტიანი მულტილატერალიზმიდან დაწყებული, რომლიც დანახვაც ორივეს გვსურს, კლიმატიც ცვლილებამდე, მწვანე და ციფრულ გარდამავალ ეტაპზე და სოციალურ ჩართულობამდე".

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა "ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს" საუკეთესო სურვილები უსურვა ამერიკელ ხალხს - "ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, რომ პირისპირ დავდგეთ ჩვენი დროის გამოწვევებთან, უფრო ძლიერები, რომ ჩვენი მომავალი ავაშენოთ, უფრო ძლიერები, რომ ჩვენი პლანეტა დავიცვათ. კვლავ მოგესალმებით პარიზის შეთანხმებაში!"

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, აშშ და კანადა გააგრძელებენ პარტნიორობას კორონავირუსთან ბრძოლაში და ეკონომიკის აღდგენაში, რათა ყველასათვის უკეთესი მომავალი ააშენონ . 

”ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ კლიმატზე მოქმედებასა და სუფთა ეკონომიკურ ზრდას, წავახალისოთ ინკლუზია და მრავალფეროვნება და შევქმნათ კარგი სამუშაოები საშუალო კლასისთვის და შესაძლებლობები ჩვენი ხალხისთვის, წვლილი შევიტანოთ დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში შინ და მთელ მსოფლიოში". – აღნიშნა კანადის პრემიერმა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბემიამინ ნეთანიაჰუმ "ისტორიულ ინაუგურაციაზე" მიულოცა ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება და კამალა ჰარისს ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. 

"პრეზიდენტო ბაიდენ, მე და შენ ათწლეულებია, რაც თბილი პირადი მეგობრობა გვაკავშირებს. ველი შენთან მუშაობას, რათა მეტად გავაძლიეროთ აშშ-ისრაელის ალიანსი, გავაგრძელოთ მშვიდობის გაფართოება ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის და შევეწინააღმდეგოთ საერთო გამოწვევებს, სადაც მთავარია ირანისგან მომდინარე საფრთხე". – აღნიშნა მან.

ამასთან ერთან ნეთაიაჰუს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ცალკე განცხადება დონალდ ტრამპისთვის, სადაც ნეთანიაჰუ მადლობას უხდის მას ყველა "დიდებული საქმისთვის", რაც ისრაელისთვის გააკეთა - "განსაკუთრებით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ისტორიული ცნობისთვის და ისრაელისა და ოთხი არაბული ქვეყნისთვის სამშვიდობო შეთანხმების მოტანისთვის".

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბაიდენსა და ჰარისს მიულოცა - "ველი თქვენთან მუშაობას ბელორუსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებაზე!"

ბაიდენის გაპრეზიდენტებას პაპი ფრანცისკეც გამოეხმაურა.

"თქვენი ლიდერობით, დაე, ამერიკელმა ხალხმა გააგრძელოს და წამოწიოს მაღალი პოლიტიკური, ეთიკური და რელიგიური ღირებულებები, რამაც შთააგონა ერი მისი დაარსების დღიდან". – აღნიშნა მან. 

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა NEW START-ის შეიარაღების კონტროლის შეთანხმების შესახებ თქვა, რომ რუსეთი და პუტინი ემხრობა ამ შეთანხმების შენარჩუნებას - "თუ ჩვენი ამერიკელი კოლეგები ფაქტობრივად გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას, შეინარჩუნონ ეს შეთანხმება მისი გაგრძელებით, ეს მხოლოდ მისასალმებელია".

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ "მსოფლიომ იცის, რომ მხოლოდ აშშ-ს შეუძლია საკუთარი თავის გამოსწორება - რეალურად და არამხოლოდ სიტყვებით".

კომენტარები