აშშ-საქართველო

ჰოჯესი: ვისურვებდი, საქართველომ აშშ მიიწვიოს ლოგისტიკური ცენტრის გასაკეთებლად

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შავი ზღვის რეგიონზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე და რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა.

ჰოჯესის თქმით, ნატომ გააცნობიერა, რომ შავ ზღვაში რუსეთთან სტრატეგიული კონკურენცია არსებობს:

შავი ზღვის რეგიონი კრემლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პერიფერიაში არსებული ნებისმიერი სხვა რეგიონი. მას შავი ზღვა ყირიმში უკანონო ბაზების შესანარჩუნებლად სჭირდება. შავ ზღვას იყენებს ასევე სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, ბალკანეთსა და კავკასიაში გავლენის გასაზრდელად. ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს და შესაბამისადაც იმოქმედებს, რაშიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემაც უნდა შევიდეს.

ჰოჯესმა ხაზი გაუსვა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადებებს, რომელშიც ის შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრობდა და თქვა, რომ საქართველოს აქვს საშუალება, გახდეს ალიანსის საყრდენი რეგიონში:

საქართველო, ჩემი აზრით, სწორედ შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიძლება ჩვენი საყრდენი იყოს. ღიად რომ ვისაუბროთ, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკური განვითარება მეტად დაჩქარდებოდა, საქართველო რეალურად რომ გახდეს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური დერეფანი. ცხადია, რუსეთს ეს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით, თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირია და, ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს. ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს.

ჰოჯესს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას ესმის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა, თუმცა ამბობს, რომ დარწმუნებული არაა მთავრობასთან დაკავშირებით:

ვფიქრობ, ხალხი მზადაა. ვფიქრობ მოსახლეობამ, საქართველოს ახალგაზრდებმა იციან, რომ მათი კეთილდღეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები არამხოლოდ ნატოსთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან, ევროპულ ქვეყნებთან უფრო ახლო ინტეგრაციაა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მთავრობასთან დაკავშირებით. ისინი ამ ყველაფერს ამბობენ, მაგრამ…

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის მნიშვნელობას, რაც, ჰოჯესის თქმით, საქართველოს საშუალებას მისცემს, გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი:

ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია. ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს, მაგრამ ამის მისაღწევად ქვეყანას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი ამ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ბევრისგან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრისგანაც, გამიგია, რომ ეს ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი პრიორიტეტი რომ იყოს, იქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იქნებოდა, რაც არ ხდება.

მას მიაჩნია, რომ საქართველო ზეწოლის ქვეშაა და ამის მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ საქართველომ რუსეთს უფლება მისცა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალები საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით გადაეყვანა:

ვფიქრობ, საქართველო ზეწოლის ქვეშაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, რატომ დართო საქართველომ რუსეთს ნება, მშვიდობისმყოფელები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში გადაეყვანა და ეს მაშინ, როცა 10 ათასი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს. მე, ცხადია, ამ გადაწყვეტილების სრული კონტექსტი არ ვიცი, მაგრამ ადამიანს გიჩნდება კითხვა: საქართველო ნამდვილად ასე დაუცველად გრძნობს თავს, თუ მთავრობა კრემლის გავლენის ქვეშაა ისე, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, ეს გაეკეთებინა.

ჰოჯესი ამბობს, რომ ისურვებდა საქართველომ აშშ-ს სთხოვოს, ქვეყანაში მისი სამხედრო ძალები განათავსოს:

ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები მიიწვიოს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის გასაკეთებლად, რაღაც ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, შეიძლება ამაში როტაციული წესით სამხედრო ძალის განთავსებაც შედიოდეს. არ არის აუცილებელი, ამ ძალას მუქარის ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება ის იყოს სამედიცინო, ტელესაკომუნიკაციო ან სხვა სახის ლოგისტიკური ყოფნა. ყველაზე კარგი იქნება სახმელეთო და საჰაერო ძალების ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში, მაგალითად, წვრთნებს ჩაატარებენ. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მზადაა თუ არა კრემლისგან წამოსულ ზეწოლას გაუძლოს, რომელიც, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება.

კომენტარები