(ა)სოციალური თაობა

თუ თქვენ:

გაღვიძებისთანავე კომპიუტერის ღილაკს აჭერთ ხელს (დრო რომ არ დაკარგოთ) და ამის შემდეგ შედიხართ აბაზანაში;

დილის ყავას, ან სწრაფ საუზმეს სახლიდან გასვლამდე მეილისა და Facebook-ის წითლად ანთებული შეტყობინებების შემოწმებას ამჯობინებთ;

თუ დასასვენებლად წასულმა რამე ცხელი ამბავი შეიტყვეთ და მასზე ონლაინ დისკუსიაში ჩართვა და სტატუსის დაწერა მოგინდათ;

თუ სტატიებსა და წიგნებს კომპიუტერში კითხულობთ (ფილმების ყურებასა და მუსიკის მოსმენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ);

თუ სამსახურში კომპიუტერთან სხედხართ და სახლში მოსული კვლავ კომპიუტერს რთავთ;

ე.ი.  თქვენც იმავე კლუბში ხართ, რომელშიც მე.

რამდენიმე წუთის წინ გავაანალიზე, რომ კომპიუტერთან, საშუალოდ, 8 საათს ვატარებ დღეში. იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლე ფრიად ხანმოკლეა, ეს, ერთი შეხედვით, შემაშფოთებლადაც შეიძლება, ჩანდეს. მით უმეტეს, თუ თქვენი ახლობლები და ოჯახის წევრები ისედაც დარდობენ ამის გამო და “ამ ყუთს” თქვენს გაანტისოციალურებაში ადანაშაულებენ, რის არგუმენტადაც ის მოჰყავთ, რომ ადრე მეტ დროს ატარებდით “გარეთ”.

მე პირადად ეს სულაც არ მაშფოთებს. მეტიც, ვფიქრობ, კომპიუტერთან გატარებულ საათებს არაფერი აქვს საერთო ძვირფასი დროის კარგვასთან და ასოციალურობასთან.  მგონია, რომ ეს ალტერნატიული სოციალიზაციაა. თან, გაცილებით დიდი მასშტაბის. კომპიუტერთან დიდი დროის გატარება მე ჩემს უპირატესობებს მაძლევს:

ვზოგავ დროს – საქმის კეთების პარალელურად, შემიძლია, ჩემს მეგობრებსაც ვეკონტაქტო და ახალ ამბებსაც ვადევნო თვალი;

ვიღებ და ვუზიარებ ინფორმაციას, რომელიც სხვა შემთხვევაში ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა;

როდესაც საჯარო დისკუსიაში ვერთვები რაიმე ცხელ-ცხელ ამბავზე, თავს მიმდინარე პროცესების ნაწილად ვგრძნობ;

აქ ხელმისაწვდომია ჩემთვის სასურველი მასალები, ფილმები, მუსიკა;

ვეცნობი ახალ ადამიანებს, განსხვავებულ შეხედულებებს;

ვიძენ ახალ მეგობრებს;

ვაკვირდები.

ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება, გაგრძელდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ კომპიუტერი  სულაც არ მიცვლის  სხვა აქტივობებს (არც ჩემ ბევრ მეგობარს, რომლებიც ასევე დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან) – “გარეთ” გასვლასაც ვასწრებ, კინოთეატრში წავლასაც, გართობასაც (სასურველი დოზებით) და ფეხით ხეტიალსაც (რაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა). ბუნებრივია, უფრო მცირე მასშტაბებით, ვიდრე ბევრი, ვინც კომპიუტერს “არ ეკარება”. თუმცა, მეტი არც მჭირდება.

ასე რომ აზრი, რომ ის ადამიანები, ვინც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ანტისოციალურები არიან, ჩემი აზრით, კლიშეა, თან ძალიან მოძველებული კლიშე. ამიტომაც, სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ კვლევას გადავაწყდი ამ თემაზე და აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, აშშ-ში ე.წ. computer geek-ების უდიდესი ნაწილი ექსტრავერტია. როგორც ჩანს ეს კლიშე დაინგრა მარკეტინგის სფეროშიც. ახალი ტექნოლოგიების რეკლამას უკვე უმეტესად ექსტრავერტი ადამიანებისკენ მიმართავენ.

ამრიგად, ხუმრობანარევი მოწოდება, თუ გინდა სოციალიზდეთ, გახდით geek, სიმართლისგან შორს არ დგას. :)

კომენტარები