ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის მორალი

საჯარო კამათის დროს, პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელსაც საკითხი არ ესმის ან ესმის, მაგრამ ცდილობს აუდიტორია მოატყუოს, ყოველთვის ცდილობს არაქართული ტერმინები (ბისმარკის მოდელი, ტრიპარტიზმი და ა.შ.) და გულისამაჩუყებელი სიტყვები („სიღარიბე“, „სოციალურად დაუცველი“ და ა.შ.) გამოიყენოს. თუ ოპონენტმა არ იცი ტერმინების მნიშვნელობა, უნდა ეუხერხულებოდეს შეკითხვით საკუთარი გაუნათლებლობის გამჟღავნება. შედეგად, გაუგებარი არგუმენტი უპასუხოდ დარჩება. თუ ადამიანმა იცის ტერმინის მნიშვნელობა და უთითებს მის არასწორ გამოყენებაზე, მაშინ საუბარი ტერმინოლოგიურ დავაში გადაიზრდება და დაიკარგება კამათის არსი. ვერავინ ვერაფერს გაიგებს და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული პოპულისტი პოლიტიკოსი დარჩება. თუ ოპონენტმა ტერმინოლოგიურ ხაფანგებს თავი აარიდა და გულისამაჩუყებელი სიტყვებით მოხსენიებული ხალხის ხათრითაც არ უნდა მოწინააღმდეგის არგუმენტების აღიარება, მაშინ კაცთმოძულეობა მშვენიერი იარლიყია.

ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ცოტა ხნის წინ ძალიან სწორი რამ თქვა – ჯერ საკითხი მორალური კუთხით შევაფასოთ და მერე ვილაპარაკოთ კანონიერებაზეო. სამართალი და სამართლიანობა სხვადასხვაა. ჩემი აზრით, სამოქალაქოს გარდა, სხვა კანონმდებლობა სრულიად უსამართლო და ამორალურია, უკანონობის შემჩნევა კი მარტივი მექანიკური პროცესია. ამას კონტროლის პალატის საშუალო დონის ბიუროკრატიც გაართმევს თავს – იღებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაწერილ ალგორითმს (კანონს ან ნორმატიულ აქტს) და ადარებ ქმედებებს. თუ ხედავ შეუსაბამობას, ასკვნი, რომ რაღაც ქმედება უკანონოა, რადგან არ ემთხვევა დადგენილ პროცედურას ან წესს. მორალური მხარე ბევრად რთული შესაფასებელია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრემიერი მართალია – ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მორალური კატეგორიებით შეფასებული პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ შემდეგ შეიძლება გადაიქცეს კანონად, ვიდრე ნებისმიერი კანონის აღსრულების სკრუპულოზურობა. იდეალურ პარლამენტში ამ ტიპის დებატები და კამათი უნდა იმართებოდეს. გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმება პროფესიონალი იურისტების ტექნიკის საქმეა. ისე, სხვათა შორის, ამ უკანასკნელთ, თუ ვერ ახერხებენ პროფესიული ჩარჩოდან გამოსვლას, უნდა ეკრძალებოდეთ კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა და მათი საქმე მხოლოდ გადაწყვეტილებების გაფორმება უნდა იყოს.

მიხარია, რომ მკითხველთან ერთად შემიძლია ვიფიქრო სოციალური პოლიტიკის სადღეისოდ ყველაზე აქტუალური ნაწილის, ჯანდაცვის პოლიტიკის მორალზე. მორალი შეფასებითი კატეგორიაა, რომლის მიზანი კარგის და ცუდის დადგენა გახლავთ.

ჯერ ტერმინებში გავერკვეთ. მაგალითად, რას ნიშნავს „სოციალური პოლიტიკა“?

ტერმინი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თავდაპირველი მესაკუთრეებისგან ძალადობის მუქარით საკუთრებისგადაცემას (შემდეგში ტერმინი „ექსპროპრიაცია“), პოლიტიკოსის შეხედულებით შერჩეული ახალი მესაკუთრეებისთვის (შემდეგში ტერმინი „ბენეფიციარი“).

იდეა უმრავლესობისთვის მისაღებია ისეთი დაშვებით, როდესაც ადამიანებს სჯერათ,თითქოს ექსპროპრიაცია მორალურად გამართლებულია, თუ მას ყველა თანაბრად ექვემდებარება და შემდგომში ექსპროპრირებული საკუთრების ახალი მესაკუთრე სწორადაა შერჩეული. იდეის სათავე არის რწმენა, რომ ადამიანების მიერ საკუთრების ნებაყოფლობით ურთიერთგაცვლის შედეგი ამორალურია. ამიტომ პოლიტიკოსები ჰპირდებიან ამომრჩეველს, რომ მათ კონკურენტ პოლიტიკოსებზე უკეთ იციან ექსპროპრიაციის და განაწილების საქმე. შესაბამისად, ტერმინ „პოლიტიკოსის“ განმარტება იქნება: „ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ იცის საკუთრების ექსპროპრიაციის და სამართლიანი გადანაწილების საქმე“. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი ამომრჩეველი, რბილად რომ ვთქვათ, ღრმად და ყოვლისმომცველად ცდება, ჩვენი საფიქრალისთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

პოლიტიკოსს წარმატებისთვის ორი გზა აქვს. პირველი გულისხმობს უმრავლესობის აზრის გამოცნობის მცდელობას, ხოლო მეორე – საკუთარი აზრის ქონას და უმრავლესობის აზრის შესაცვალელად მუშაობას. არსებობს მესამე, თემზე ძალადობის გზაც, მაგრამ ის დაუფასებელია, ავტორიტარიზმი და დიქტატურააო, ამბობენ. თან საუკეთესო დიქტატორის, პინოჩეტის არ იყოს, რისკებთან არის დაკავშირებული. რჩება „თემს რაც სწადია, მას იზამს, თავის თემობის წესითა“.

 

იდეალურ სოციალურ პოლიტიკაში შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სამი შემთხვევა:

1. ექსპროპრიაციის მსხვერპლი და ბენეფიციარები ერთი და იგივე ადამიანები არიან. შედეგი: ადამიანები ბენეფიტის სახით იღებენ ექსპროპრირებულზე 5-10%-ით ნაკლებს, რაც ხმარდება ექსპროპრიაციისა და ბენეფიტების ადმინისტრირებას. ანუ ბიუროკრატიულ სამსახურს, რომელიც, ცხადია, ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი დასაქმებისათვის გაისარჯა.

2. ექსპროპრიაციის მსხვერპლი და ბენეფიციარი სრულიად სხვადასხვა ადამიანები არიან. შედეგად, პოლიტიკოსის (ანუ თემის) მორალი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. გასარჩევია ექსპროპრიაციის მასშტაბი და ექსპროპრირებულთა და ბენეფიციართა ვინაობა;

3. ექსპროპრიაციის მსხვერპლი და ბენეფიციარი ერთი და იგივე ადამიანია, მაგრამ ექსპროპრირებული და მიღებული საკუთრების მოცულობა ნაწილდება განსხვავებულად, ვიდრე ექსპროპრიაციამდე იყო. ეს ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა. ნათელია, რომ აღნიშნული შემთხვევა პირველი და მეორე ვარიანტის ნაზავია, საიდანაც, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, პირველი უაზრობაა. და გვრჩება მორალი.

 

ერთი წამი დავანებოთ თავი სახელმწიფოს და პოლიტიკოსებს. რა ითვლება მორალურ საქციელად? ადამიანები არასოდეს ეხმარებიან თავისზე შეძლებულებს. ანუ მეტი საკუთრების მფლობელის მიერ ნაკლები საკუთრების მქონესათვის საკუთრების გადაცემა მორალურად მიღებული ქცევაა. პრემიერმინისტრისთვის რომ ასეა, საკუთარი ცხოვრებით აქვს თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე დამტკიცებული. თუ შევთანხმდებით, რომ ასეთი ქცევაა მორალური, მაშინ შედარებით მორალური ჯანდაცვის პოლიტიკის კონტურების გამოცნობას შევძლებთ.

 

ჯანდაცვის პოლიტიკის ორი მთავარი სიახლეა უნივერსალური ჯანდაცვა და სახელმწიფო ფონდი. არის თუ არა ზუსტად ეს კომბინაცია მორალურად გამართლებული პოლიტიკა?

 

ამ პოლიტიკის მორალური დასაბუთება შემდეგია:

 

მედიცინა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიაა. მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება, თუ მაღალკვალიფიციური პერსონალის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხდება საჭირო. ადამიანებისთვის სიცოცხლე მთავარი ღირებულებაა. საფრთხის შემთხვევაში პრიორიტეტები იცვლება, ოჯახის წევრების თანხმობით, უფრო ხშირად კი მათი ინიციატივით, სხვა ხარჯები სიცოცხლის გადასარჩენად იკვეცება. ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენის საფასური ხშირად ოჯახის გაღარიბებაა. თავად სიღარიბე კი, პოლიტიკოსების აზრით, არ ვარგა.

 

ამ შედეგის პრევენცია შესაძლებელია, თუ მოხდება ყველას ექსპროპრიაცია და ყველას გაბენეფიციარება ერთდროულად. ასეთია უნივერსალური ჯანდაცვა.

 

მეორე თემაა სახელმწიფო ფონდის მორალურობა. აქსიომატურია, რომ თუ შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს, ბიზნესი განწირულია არაეფექტურობისათვის და მას ვერანაირი „ტრიპარტიზმი“ ვერ უშველის. კონკურენტის გარეშე მომუშავე დიდი ფულის მმართველ ბიუროკრატიას ეფექტიანი საქმიანობის არანაირი სტიმული არ აქვს, გარდა სამსახურიდან გაგდებისა. უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ფორმით ხარჯვის შემთხვევაში ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ ადამიანები, რომლებიც სხვებზე აქტიურები არიან, შეუძლიათ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა და აქვთ ბიუროკრატიასთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა. მარტივი გამოსაცნობია, ვის უფრო შეეფერება მსგავსი დახასიათება – შეძლებულებს თუ ღარიბებს?

 

ძალიან საინტერესოა, რომ 2006 წლამდე საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10% (დაახლოებით 400 000 ადამიანი) ორნახევარჯერ მეტ ფულს იღებდა ბიუჯეტიდან პენსიისა და სოციალური დახმარების სახით, ვიდრე ყველაზე დაბალშემოსავლიანი 10%. პირველები ბიუჯეტში ბევრად მეტს იხდიდნენ, ვიდრე მეორენი. თუმცა ეს გამართლება ვერ იქნება, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, ექსპროპრირებულის თანაბარი ბენეფიტი მხოლოდ ბიუროკრატიის დასაქმებას ნიშნავს.

თავის დროზე, კონკრეტულად ღარიბებისთვის სპეციალურად შემოღებული დახმარებების შედეგად, მოხერხდა საბიუჯეტო ფულის მოხმარების გათანაბრება მოსახლეობის მაღალ და დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისათვის. ანუ შეძლებულებმა და ღარიბებმა სახელმწიფოსგან დაახლოებით ერთნაირი ბენეფიტი მიიღეს, რასაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის მომსახურების ღარიბებისთვის დაფინანსებამ. შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენოს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, ეს მეტი მორალურობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

 

გავაკეთოთ ახალი ჯანდაცვის პოლიტიკის უხეში კალკულაცია.

 

დავუშვათ, ჯანდაცვაზე საქართველოში სულ იხარჯებოდა 1,800 მილიონი ლარი, აქედან 350 მილიონი იყო საბიუჯეტო და 1,450 მილიონი – მოქალაქეების მიერ დახარჯული ფული.

 

უხეშად დავთვალოთ, რომ მოსახლეობის შეძლებული ნახევარი იხდიდა ამ ფულის 80%-ს, ხოლო ღარიბი 20%-ს, ანუ 280/70 მილიონს, შესაბამისად. 350 მილიონიდან უკან დაბრუნებული 250 მილიონი ხმარდებოდა ღარიბებს, ხოლო 100 მილიონი –შეძლებულ ნახევარს.

 

საყოველთაობის შემთხვევაში მომსახურების არსებული დონე რომ არ შეიცვალოს, დაფინანსება მინიმუმ უნდა გახდეს 800 მილიონი, რომლის გადახდის პროპორცია შეძლებულ და ღარიბ ნახევარს შორის გახდება 640/160 მილიონი.

 

ვინაიდან დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ნახევრის დაფარვას ცოტა აკლია, მათთვის ნაკლები თანხის დამატება იქნება საჭირო. ახალი ბენეფიციარები გახდებიან მოსახლეობის შეძლებული ნახევარი. ეჭვგარეშეა, რომ ახალი ბენეფიციარები შეეცდებიან და ძველებზე მეტი წარმატებითაც მოახერხებენ საკუთარი თანხის ბიუროკრატიისგან დაბრუნებას.

 

შედეგად მივიღებთ ახალ პროპორციას, როდესაც ღარიბების დაფინანსება გაიზრდება მაქსიმუმ 100 მილიონით, ხოლო შეძლებულების – 350 მილიონით.

 

შეძლებულებისა და ღარიბების ჯანდაცვისათვის დამატებით გამორთმეული თანხა მათ იმავე პროპორციით დაუბრუნდებათ უკან, ოღონდ ამ საქმისთვის, იმავე ხალხს, ბიუროკრატიის ადმინისტრაციული ხარჯი ექნება დასაფარი.

 

სტატიის ზომიდან გამომდინარე, არაფერს ვიტყვი ბაზრის სტრუქტურის დამატებით დეფორმაციაზე, რასაც სახელმწიფო ფონდის საქმიანობა გამოიწვევს, მაგრამ დაფიქრებისთვის და პოლიტიკის მორალური შეფასებისთვის, მგონი, ნათქვამიც საკმარისია.

 

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საპარლამენტო უმცირესობა არ მოსთხოვდა უმრავლესობას პოპულისტური საარჩევნო დაპირებების შესრულებას, ხოლო უმრავლესობა, ვიდრე ახალ კანონებს მიიღებდა, მორალური კატეგორიებით შეაფასებდა პოლიტიკას, რომელიც მის მიერ შერჩეული პრემიერმინისტრის ცხოვრებისეულ მორალს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.

 

კომენტარები