რას ემყარება ოცნება უკეთეს დემოკრატიაზე

ვთქვათ, მიშა დიქტატორია.

ეს რომ დავწერე, გავიფიქრე: ახლა სიტყვას „ვთქვათ” მოაჭრიან და სიხარულით დაატრიალებენ ინტერნეტფორუმებზე: გია ნოდიამაც იგრძნო, ქარი საით უბერავს და „ჩვენკენ” გადმოდისო. მაგრამ რა ვქნა, არც ისე პატიოსანი ან არც ისე ჭკვიანი ხალხის შიშით ხომ არ გავჩუმდები.

რისთვის ვაკეთებ ასეთ დაშვებას? ბევრ მათგანს, ვინც მიხეილ სააკაშვილს დიქტატორად თვლის, ჰგონია, რომ თუ არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდება. ამ სტატიას სწორედ ამ ხალხისთვის ვწერ, თორემ განა არ მესმის, რომ „დიქტატურაზე” მოყვირალთაგან ძალიან ბევრს სინამდვილეში სწორედ რომ დიქტატურა უნდა, ოღონდ თავისიანების.

რას ემყარება ეს იმედი? მიუკერძოებლობის პრეტენზიის მქონე ექსპერტებს ძალიან არ უყვართ ამ საკითხის დასმა, იმიტომ რომ ცეცხლივით ეშინიათ, ფარული „მიშისტობა” არ დაგვაბრალონო. მაგრამ საღად მოაზროვნე ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ ამ კითხვას სვამს: კი ბატონო, მთავრობას ბევრი რაღაცა ეშლება, მაგრამ საიდან ვიცით, რომ „ესენი” უკეთესები იქნებიან?

ლოგიკის და პასუხისმგებლობის დეფიციტი

ჯერ ლოგიკურ შეუსაბამობაზე მივუთითებ, რომელსაც რატომღაც ვერავინ ამჩნევს. თუ არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს (აქაც დავაზუსტებ არც ისე ჭკვიანი და პატიოსანი ხალხისთვის: „თუ”-მეთქი, იმას კი არ ვამბობ, რომ ველი ასეთ გამარჯვებას), ეს იმის საბუთი იქნება, რომ საქართველო დიქტატურა არ ყოფილა (ნამდვილი დიქტატურების ბოლო არაბულ ქვეყნებში ვნახეთ). შესაბამისად, ხალხს, ვინც ამ ორ რამეს ამბობს: (1) საქართველო დიქტატურაა, და (2) ქართული ოცნება არჩევნებში გაიმარჯვებს, სიტყვა „დიქტატურის” მნიშვნელობა არ ესმის.

მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩვეულებრივ ქართულ ჰიპერბოლასთან გვაქვს საქმე: „დიქტატურაში” იგულისხმება არა მართლა დიქტატურა, არამედ მეტად არასრულყოფილი დემოკრატია (ამაში მეც დავეთანხმები). ჰოდა, რატომ სწამთ, რომ ქართული ოცნება მას სრულყოფილ დემოკრატიად აქცევს?

ასე მოფიქრალთა შორის ბევრია ისეთი, ვინც თავის დროზე არანაკლები ენთუზიაზმით შეუერთდა „ვარდების რევოლუციას”. მის ყველა ჭკუათმყოფელ მომხრეს ესმოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მოჰყავდა ხელისუფლებაში. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ინტელექტუალ წარმომადგენლებს ხშირად ეკითხებიან: რომ იძახით სააკაშვილზე, მისი გუნდი კრიმინალთა ბანდააო, თქვენი მოყვანილი არ არისო? ამაზე იშმუშნებიან: არა, მაინც სწორი ვიყავით, შევარდნაძის დროს სტაგნაცია იყოო (ანუ კრიმინალთა ბანდის თარეში ჯობია „სტაგნაციას”).

აქ პრობლემა ის კი არაა, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ შეცდომების აღიარება. მთავარია, რომ მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განცდა აქვთ ატროფირებული. ეს ეხმარებათ, დღესაც გვერდით დაუდგნენ პოლიტიკოსს, ვინც ასავალ-დასავალის ღირებულებებით აზროვნებს და ღიად გვემუქრება ისეთი გარემოს შექმნით, სადაც საჯაროდ ვეღარავინ „იტყვის ტყუილს” და ვერ „იდემაგოგებს” – ანუ შეუძლებელი გახდება მისი პერსონის კრიტიკა. მერე, იმ წარმოსახვით ვითარებაში, როცა ივანიშვილს მართლა მიეცემა თავისი ნამდვილი პროგრამის განხორციელების საშუალება და რესპუბლიკელებს მოჰკითხავენ, ამის ხელისუფლებაში მოსვლას რატომ შეუწყვეთ ხელი, იტყვიან, რა ვქნათ, რა ჩვენი ბრალია, ჩვენ ხომ კარგი გვინდოდაო.

უკრაინული დილემა

ერთი არგუმენტი, რაც მესმის, შემდეგია: ქართული ოცნების გამარჯვება კარგია დემოკრატიისთვის თვით იმ გარემოების გამო, რომ ის არჩევნებით მოვა ხელისუფლებაში და არა რევოლუციით. ეს ჩემთვის სერიოზული მოსაზრებაა და რევოლუციური მეთოდებისგან გამიჯვნისთვის სულ ვაქებ ბ-ნ ბიძინას (ვინ გიფასებს, მაგრამ არაუშავს). გამოცდილება ნამდვილად გვიჩვენებს, რომ მეტი შანსია, არჩევნებით მოსული ხელისუფლება მერე დემოკრატიის წესებს დაემორჩილოს.

თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს. საუკეთესო მაგალითი ჩვენი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინაა. როცა „ნარინჯისფერმა” ხელისუფლებამ იქ არჩევნები წააგო, ყველა სააკაშვილს უყიჟინებდა: აი, შეხედე ნამდვილ დემოკრატებს, არჩევნები წააგესო, უკრაინა დემოკრატიაა, საქართველო კი – დიქტატურაო. მაგრამ იმ არჩევნებში გამარჯვებულმა იანუკოვიჩმა გადადგა ნაბიჯები, რის შედეგადაც უკრაინამ თავისუფლების ყველა რეიტინგში დაიწია და დღეს აღარ თვლიან ჩვენზე დემოკრატიულ ქვეყნად.

რისი თქმა მინდა – ესე იგი, ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არჩევნები არ უნდა მოვაგებინოთ? არა, ბატონო. მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის წესები დამკვიდრებული არაა, ძალიან ყურადღებით უნდა შევხედოთ, რა ღირებულებების მატარებელია ოპოზიცია და რის გაკეთებას აპირებს გამარჯვების შემდეგ. თუ მისი ლიდერი ყოველ ნაბიჯზე აცხადებს, აუცილებლად კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მოვიდე და მერე კონსტიტუცია ჩემს ჭკუაზე გადავკეროო, რომ ჩემ გარდა არავინაა ნამდვილი ოპოზიცია, რომ ჩემი მაკრიტიკებელი ყველა ჟურნალისტი გაყიდულია და ა.შ., ზედმეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს.

კოალიციური დემოკრატიის მირაჟი

ოპოზიციური დემოკრატების სეფე-არგუმენტია, რომ მათი წარმოსახული ახალი ხელისუფლება კოალიციური იქნება და სწორედ ამიტომ მოიტანს დემოკრატიას. იმავე რესპუბლიკელებს დღესაც ვერ მოუნელებიათ, რომ „ვარდების რევოლუციის” შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მათთან ფორმალური კოალიცია არ გააფორმა და ერთიანი სიით პარლამენტში შემოსვლა შესთავაზა – სწორედ ეს ჩაუთვალეს ავტორიტარიზმის პირველ ნიშნად.

(აქვე განვმარტავ: რესპუბლიკელებს ასე ხშირად იმიტომ ვახსენებ, რომ ოპოზიციური სწრაფვების ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე ყველაზე მეტად ისინი ზრუნავენ).

ზოგადად, არის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც მთავრობები როგორც წესი კოალიციურია, და სხვა ქვეყნები, სადაც მთავრობები როგორც წესი ერთპარტიულია. რომელი ჯობია – ამაზე თეორეტიკოსები კამათობენ, თუმცა თანხმდებიან, რომ ორივე სავსებით დემოკრატიულია.

მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამაზე ლაპარაკი დროის ფლანგვაა, რადგან ქართული ოცნება ფსევდოკოალიციაა. კოალიცია ნიშნავს გაერთიანებას, სადაც წევრები თავისი ძალებით, რესურსებით შემოდიან და ამის შესაბამისად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში. პოლიტიკაში მთავარი რესურსია ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ამიტომ, დემოკრატიული ქვეყნებში კოალიციები არჩევნების შემდეგ დგება: ერთ პარტიას შემოაქვს, ვთქვათ, 25 პროცენტი, მეორეს – 15, მესამეს 5 და ასე შემდეგ, სანამ 50-ს გადააჭარბებენ.

წინასაარჩევნო კოალიციები ახასიათებს მხოლოდ გარდამავალ, ჩამოუყალიბებელ დემოკრატიებს, სადაც პოლიტიკური პარტიების სისტემები ჯერ ნედლია. მაგრამ აქაც კოალიციები ადამიანური და ფინანსური რესურსების გასაერთიანებლად იქმნება.

რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ სიამაყით განაცხადა, ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი იღებსო. ეს იმათ მოსაგერიებლად დასჭირდა, ვინც მის პარტიას აბრალებდა, ივანიშვილს თავის აზრს ახვევენო. მაგრამ ამით ისიც აღიარა, რომ ქართული ოცნება არავითარი კოალიცია არ არის. აქ აქციების საკონტროლო პაკეტს ერთი კაცი ფლობს, ამიტომ, სრულიად სამართლიანად, გადაწყვეტილებებსაც ის იღებს. ალბათ, სხვასაც უსმენს, რჩევებს ითვალისწინებს: არ ვიცი, შიგნით რა და როგორ ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ მენეჯმენტის ტექნიკაა. „ოცნება” ფირმაა, რომლის უფროსი თავისი გემოვნების მიხედვით ქირაობს თანამშრომლებს: ვთქვათ, იყვანს ზვიად ძიძიგურს და იწუნებს კახა კუკავას, ან პირიქით. რა მნიშვნელობა აქვს?

აქედან არ გამომდინარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია ან ცუდი მენეჯერი. უბრალოდ, ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, პრინციპულად შეუძლებელია, ქართული ოცნება შინაგანად უფრო პლურალისტური პოლიტიკური ძალა იყოს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. მისი კოალიციურობა იურიდიული ფიქციაა. თუ ვინმეს უნდა, დაგვარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის უფრო დემოკრატიულად მოიქცევა, „კოალიციურობის” არგუმენტი არ უნდა მოიყვანოს.

კომენტარები