„საბჭოურობის” მეტაფიზიკა

 მე საბჭოთა კავშირიდან ვარ. 37-ისა ვიყავი, როცა ეს ქვეყანა საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას. ამ ასაკში უკვე ხარ ის, რაც ხარ და პიროვნების არსებითად შეცვლა ძნელია. 

ვიცი, რომ საკუთარი დაბადების დროსა და ადგილზე დარდი სისულელეა, მაგრამ რა ვქნა: ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრების ასეთი დიდი ნაწილი გაგანია საბჭოეთში გავატარე. მშურს ჩემი სტუდენტების, სულ რომ არ ახსოვთ საბჭოთა კავშირი, ან უმცროსი კოლეგების, ვისთვისაც ის მხოლოდ ბავშვობის მოგონებაა. მახსოვს, ჩემი უფროსი კოლეგა, მერაბ მამარდაშვილი, გვეუბნებოდა, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება გვივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც არაფერში გვადგება საბჭოთა კონტექსტის გარეთ, ხელს კი გვიშლის. მერაბმა იცოდა, რას ამბობდა – საფრანგეთში იყო ნამყოფი. საბჭოთა სისტემა რომ დაიშალა, მეც დავრწმუნდი: მართალი ყოფილა. 

მთავარი, ცხადია, სწორედ ეს ხელისშემშლელი ჩვევებია და არა ჩემს დაბადების დროსა და ადგილთან დაკავშირებული პირადი უიღბლობა. საბჭოეთის მენტალური მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია და ხელს გვიშლის: ამიტომ დღეს მისი გამოვლენა სირცხვილად ითვლება (სამართლიანად). 

რაკი ეს გვესმის, გვიჩნდება ცთუნება, „საბჭოურობის” ცნება პოლემიკურ იარაღად გამოვიყენოთ ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ხერხის პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა: შესაძლოა, იმიტომ, რომ ხელისუფლებისგან (და მისი მომხრეებისგან) წამოვიდა საბჭოური წარსულისგან მკვეთრ გამიჯვნაზე მიმართული გზავნილები და ინიციატივები (სტალინის ძეგლის აღება გორში, შესაბამისი თემატიკის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში და ა.შ.). ამან ბიძგი მისცა ადამიანებს, ვისაც პირობითად „კრიტიკულ ინტელექტუალებს” ვუწოდებ, თვით მთავრობის ქმედებებში ეძებნათ და ეპოვათ „საბჭოურობის” გამოვლინებები (პრინციპით, რუსულად რომ ვთქვათ, „სამ ტაკოი”). 

 რაკი მეც მაქვს კრიტიკული ინტელექტუალობის პრეტენზია, გამიჩნდა კითხვა: კონკრეტულად რას ნიშნავს ეს „საბჭოურობა”? შეგვიძლია ის ნათლად განვსაზღვროთ? რამდენად გვეხმარება ეს კატეგორია, უკეთ გავიგოთ ის, რაც გარშემო ხდება? 

ჰოდა, რაც უფრო მეტად ვკითხულობ მამხილებელ ტექსტებს და პოლემიკას „საბჭოურობის” სინდრომზე, მით უფრო ვიბნევი. მოდით, უბრალოდ ჩამოვთვალოთ, რას მოიხსენიებენ მის გამოვლინებებად. სტალინი თუ გიყვარს და კომუნისტურ დოგმატებს იცავ, ცხადია, საბჭოეთს სულიერად ვერ გაცილებიხარ. მაგრამ როცა აგრესიულად ნერგავ სასწავლო პროგრამებში პრინციპს, რომ ყოველივე საბჭოური ცუდია, ესეც საბჭოურ ქცევას გვაგონებს, იმიტომ, რომ ყველაფრის იდეოლოგიზება სწორედ ამ სისტემას ახასიათებდა. ამავე ძირიდან მოდის, სახელმწიფო რელიგიას რომ მოითხოვ და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ერთგულებას საჯაროდ ფიცულობ: უბრალოდ, ერთ „სახელმწიფო იდეოლოგიას” სხვით ცვლი. 
 
როცა ადამიანები კოლექტიურად გამოხატავენ ხელისუფლების მიმართ ლოიალობას, საბჭოეთის სცენები გვახსენდება. მაგრამ სარკაზმი ყველაფერზე, რაც მთავრობასთან და პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და იმის მტკიცება, რომ სიმართლე მხოლოდ (სამოქალაქო) საზოგადოებაშია, ისევ საბჭოურობის გადმონაშთია: „დისიდენტობაც” ამ ეპოქის ნაყოფია. სწორედ საბჭოთა სისტემის უკიდეგანო ფარისევლობამ დაამკვიდრა ცინიზმი საჯარო-პოლიტიკური სფეროს მიმართ: ამ სინდრომს მკვლევრები „ანტიპოლიტიკას” უწოდებენ. 

როცა განათლების მინისტრი უნივერსიტეტში მიდის პროფესორებთან და სტუდენტებთან შესახვედრად, ეს საბჭოურობა ყოფილა (ზუსტად არ ვიცი, რატომ – ალბათ იმიტომ, რომ ასეთი შეხვედრა პოლიტიკური ლოიალობის დემონსტრირებად შეიძლება იქცეს). მაგრამ როცა სტუდენტები პროტესტს აცხადებენ სწავლების მაღალი გადასახადის (ან საერთოდ ასეთი გადასახადის არსებობის) გამო, ესეც შეიძლება იმავე ტრადიციას დავუკავშიროთ: სწორედ საბჭოთა დრომ ჩაგვინერგა წმიდათაწმიდა პრინციპი, რომ განათლება უფასო უნდა იყოს. 

ზოგადად, მემარჯვენეები საბჭოურ ტრადიციას აგრძელებენ, რადგან ძლიერი ხელისუფლება მოსწონთ, მემარცხენეებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: კომუნიზმი მათი პრინციპების რადიკალური გამოხატულებაა. და ასე შემდეგ.

რისკენ მიმყავს საქმე? წინა აბზაცებში მოყვანილი დებულებებიდან ზოგს უფრო ვეთანხმები, ვიდრე სხვას, მაგრამ სიმართლის ელემენტი ყველა მათგანში მოიძებნება. შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ, როგორ მძლავრობს ჩვენში ბიზანტიური ტრადიციები, ან რა სულიერი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მონღოლების შემოსევებმა. ყველაფერი ეს ლეგიტიმური თემებია კულტუროლოგიური წიაღსვლებისთვის.

მაგრამ სულ უფრო მიჩნდება განცდა, რომ „საბჭოურობის” უნივერსალურ და მოუხელთებელ მეტაფიზიკურ სუბსტანციად გამოცხადება და ყველაფერში მისი ძიებაც საბჭოური კომპლექსია. მას ფარული მოტივიც ახლავს: თუ ვიღაცას რაღაც „საბჭოურს” უპოვი, ამით ადასტურებ, რომ თვითონ დაუსხლტი „საბჭოურობის” მომწამვლელ რადიაციას. მაგრამ ამით სხვების პროვოცირებასაც ახდენ: რას ეძებ სხვის თვალში ჩალის ნაფლეთებს, როცა შენ თვითონ ამხელა დირე გაქვსო, გეტყვიან – და არ არის გამორიცხული, სწორი აღმოჩნდნენ. ყველა ხომ საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ და ღმერთმა უწყოს, ეს როდის და რანაირად იჩენს თავს. 

ამ დროს, ბევრი რამის ახსნას სულ არ სჭირდება საბჭოური წარსულის გახსენება. რელიგია ოდითგანვე ასრულებდა პოლიტიკური იდეოლოგიის როლს და დღეს რელიგიის პოლიტიზაცია ბევრ ისეთ ქვეყანაში ხდება, კომუნისტური მთავრობა რომ არასოდეს ჰყოლია. პოლიტიკოსები უნივერსიტეტებში ყველგან დადიან და ამ დროს ფარული ან არც ისე ფარული პოლიტიკური მოტივები ამოძრავებთ. იმაზე, უნდა იყოს თუ არა ფასიანი უმაღლესი განათლება, ყველაზე მეტად დასავლეთ ევროპაში კამათობენ. პომპეზური სანახაობები ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც ეწყობა და ადგილობრივ კრიტიკულ ინტელექტუალებს სარკასტული შენიშვნებისკენ უბიძგებს. 

ესე იგი, არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საბჭოური სოციალური და მენტალური ტრადიციები დავძლიოთ? კი, და მე გეტყვით, როგორ. კარგია, ლოგიკურად და რაციონალურად ვიაზროვნოთ და არ გვრცხვენოდეს, აზრი ნათლად და გასაგებად გამოვთქვათ. კარგია, ჩვენი პრინციპები ერთგულად და აგრესიულად დავიცვათ, მაგრამ ოპონენტსაც პატივი ვცეთ და იარლიყების მიკერებით არ ვეცადოთ მის დამარცხებას. დავასაბუთოთ, რატომაა ესა თუ ის იდეა თუ ქცევა არასწორი და არა უბრალოდ დავცინოთ მას იმით, რომ „რაღაცას გვაგონებს”. ამასთან გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტი, სისხლიანი დიქტატურა იყო და უზარმაზარი მატერიალური და სულიერი ზიანი მიაყენა იმ ქვეყნებს, სადაც ოდესმე დამკვიდრებულა. გარწმუნებთ, ამ ყველაფერში ნამდვილად არაფერია „საბჭოური”. 

კომენტარები