ბელარუსი

შვეიცარიამ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა. ლუკაშენკოს შვეიცარიაში აქტივები გაუყინეს.

ასევე, ლუკაშენკოს, მის ვაჟს, ვიქტორ ლუკაშენკოს და კიდევ 13 მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. 

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებლები არიან ბელარუსში ძალადობასა და თვითნებურ დაკავებებზე. 

"შვეიცარია ღრმად არის შეშფოთებული ამჟამად არსებული დაძაბულობით და ბელარუსის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს," - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში. 

შვეიცარია მინსკს მოუწოდებს, ყველა თვითნებურად დაკავებული პირი გაათავისუფლოს და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ ადამიანების წამების ბრალდებები გამოიძიოს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია 13 ოქტომბერს შეუერთდა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის თავდაპირველად დაწესებულ სანქციებს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა21 ნოემბერს შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, ბელარუსისთვის დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ეს ქვეყნებია უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.

კომენტარები