ნობელის პრემია 2020

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში გენური რედაქტირების აღმომჩენებს გადასცეს

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას გენომის რედაქტირების რევოლუციური მეთოდის, CRISPR-ის განვითარებაში გადასცეს.

ამ "გენეტიკური მაკრატლის" გამოყენებით მკვლევრებს შუძლიათ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ-ის მაღალი სიზუსტით შეცვლა. ამ ტექნოლოგიამ დიდი გავლენა იქონია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებზე, ეხმარება მკვლევრებს კიბოს ახალი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში და შესაძლოა მომავალში მემკვიდრული დაავადებების განკურნების ოცნებაც აახდინოს.

"ამ გენეტიკურ იარაღში უდიდესი ძალაა. მან არა მხოლოდ გამოიწვია რევოლუცია ფუნდამენტურ მეცნიერებებში, არამედ შექმნა ინოვაციური მარცვლეული და მომავალში შესაძლებელს გახდის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას". – ამბობს კლაის გუსტაფსონი, ნობელის ქიმიის კომიტეტის თავჯდომარე.

გენეტიკური მაკრატლის აღმოჩენა მოულოდნელი იყო. ემანუელ შარპენტიე ბაქტერია Streptococcus pyogenes-ს სწავლობდა, როდესაც იქამდე უცნობი მოლეკულა tracrRNA აღმოაჩინა ბაქტერიის იმუნურ სისტემაში. ეს სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც CRISPR/Cas "განაიარაღებს" ვირუსებს მათი დნმ-ის გახლეჩით.

2011 წელს, შარპენტიემ თავისი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ დუდნასთან, რათა შეექმნა ეს "მოლეკულური მაკრატლები" სინჯარაში. ბუნებრივ მდგომარეობაში ისინი  ამოიცნობენ მხოლოდ ვირუსულ დნმ-ს, მაგრამ შარპენტიემ და დუდნამ აჩვენეს, რომ შესაძლებელია მათი რეპროგრამირება ისე, რომ გაჭრან ნებისმიერი დნმ-ის მოლეკულა წინასწარგანსაზღვრულ ადგილას, რაც სიცოცხლის კოდის გადაწერის შესაძლებლობას გვაძლევს. მათ აღმოჩენაზე კომენტარის გაკეთებისას ქიმიკოსმა პერნილა ვიტუნგ-სტაფშედმა აღნიშნა, რომ "უნარმა, გავჭრათ დნმ სადაც გვინდა, რევოლუციურად გარდაქმნა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები."

"მსურს, რომ ეს იყოს პოზიტიური შეტყობინება, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებისთვის, რომელთაც მეცნიერობა სურთ...აჩვენოს მათ, რომ ქალი მეცნიერის მიერ ჩატარებულ კვლევას შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს". – ამბობს შარპენტიე. 

 

კომენტარები