გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბრალდებულების ადვოკატი შაქარაშვილის მეგობრების მიერ შეცვლილ ჩვენებებზე რეაგირებას ითხოვს

ტვ პირველი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი, ზურაბ თოდუა გამოძიებას დაღუპულის მეგობრების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს.

მიზეზად ის მათ მიერ რამდენჯერმე შეცვლილ ჩვენებას ასახელებს.

"ცრუ ინფორმაციის მიწოდება არის სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული. რატომ არ არის ამ ცრუ მოწმეების მიმართ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ზომები მიღებული [...] სარალიძის საქმეზე მოწმეებმა იბატონეს გამოძიებაზე. იგივე მეორდება აქაც". – თქვა თოდუამ ტვ პირველის ეთერში.

გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ჩვენება მისმა მეგობრებმა: გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ არაერთხელ შეცვალეს.

რადიო თავისუფლება, რომელმაც 10-ტომიანი საქმე შეისწავლა, ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძემ გამოძიებას პირველად უთხრა, რომ გაქცევისას 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა, მან საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, კონფლიქტი დამთავრებული იყო და რაკიღა პოლიცია თბილისისკენ მოდიოდა, მათ გამოჰყვა.

თავისუფლებისვე ცნობით, მეორე ჩვენების თანახმად, რომელიც მან გამოძიებას 21 ივნისს მისცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ პატრული გამოიძახა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო და აღარ საჭიროებდა დახმარებას. თუმცა, ამავე ჩვენების თანახმად, ადგილზე მაინც მივიდა პოლიცია: „დავრეკე 112-ში, ვუთხარი აღნიშნულის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე მოვიდა "შკოდის" მარკის ავტომანქანით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვთხოვე, თუ შეეძლოთ თბილისში წაყვანა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟმა წამომიყვანა თბილისში“.

იაკობ ბრეგვაძის მესამე ვერსიის თანახმად, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ჟურნალისტს უთხრა, ინციდენტის ადგილას მისულ პოლიციას „ყველაფერი მოუყვა“:

„და, მეთქი, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი თუ შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი და წამიყვანეს თბილისში“.

რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებს, მთავარი არხის ცნობით:

პირველი ჩვენება, 19 ივნისი

"როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ".

მეორე ჩვენება, 21 ივნისი

"როდესაც ნარეკვავის დასახლებაში არაგვის ხიდთან მომხდარი კონფლიქტის შემდგომ, როდესაც ექვსმა პიროვნებამ მე მიპოვეს ბუჩქებში დამალული, შემომთავაზეს რომ ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავყოლოდი ქალაქ თბილისში. ვინაიდან ვიყავი დაბნეული და შეშინებული, მათ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს და ჩავუჯექი მანქანაში უკანა სავარძელზე. არაგვის ხიდს როდესაც მივუახლოვდით თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მე მათ ვთხოვე, რომ გაეჩერებინათ მანქანა და დავეტოვებინე ხიდთან რაზედაც უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ ღამე მარტო ვერ დამტოვებდნენ. ამიტომ მე აღნიშნული პიროვნებებისთვის კატეგორიულად არ მომითხოვია, რომ მანქანიდან ჩამოვესვი და დავეტოვებინე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ მათ კატეგორიულად მოვთხოვდი მანქანის გაჩერებას, ისინი გააჩერებდნენ და დამტოვებდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები მე არ დამმუქრებიან და იძულებით არ ჩავუსვივარ მანქანაში, ასევე გზაში არცერთ მათგანს ჩემთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არც დამმუქრებიან. მე მანქანაში მჯდომ პიროვნებებს მშვიდი ტონით ვთხოვე, რომ ა-მანქანა გაეჩერებინათ. აქვე დავამატებ, რომ როდესაც თავდაპირველად ჩამსვეს ა -მანქანაში მაშინვე მითხრეს, რომ დიდუბეში ჩამიყვანდნენ და იქ დამტოვებდნენ".

მესამე ჩვენება, 23 ივნისი

"მათ მკაცრი ტონით მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი მათ მანქანაში, ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა მანქანაში, გვერდიგვერდ კი ორ-ორი პიროვნება მომიჯდა, რათა არ გადავსულიყავი მანქანიდან. რის გამოც, მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მათი მოთხოვნით შესაბამისად, ჩავუჯექი მანქანაში და იმ ადგილიდან გავყევი ზემოაღნიშნულ პირებს. მე აღნიშნული ფაქტის შესახებ იმიტომ არ განვაცხადე პოლიციაში, რომ ვიფიქრე, რომ ჩემი თბილისში წაყვანით, გაქცეულ პიროვნებებს საფრთხე ავარიდე და მათ აღარაფერი ემუქრებოდათ".

გარდა ამისა, მედიების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება - თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და შემთხვევის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ შეხვდა, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა - ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ნ.ჟ, რომელიც რკინის ხელკეტით იყო შეირაღებული.

კადრებში ჩანს, რომ ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილის ჩვენების მიცემის თაობაზე.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.

გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი 2 მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი ადამიანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ 2 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი - გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქს შეფარდებული.

ბრალდებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან.

რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილს, ის შაქარაშვილის მეგობარი და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ამირხანაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც დაპირისპირების დროს უკან დაიმალა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა თქვა, რომ ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია. მოგვიანებით ამის დამადასტურებელი კადრები მთავარმა არხმაც გაავრცელა.

ბრალდებულების ადვოკატების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისიც არის, გურამ ამირხანაშვილმა სიმართლე თქვას – მათი აზრით, საქმის მთავარი მოწმე სიმართლეს არ ამბობს.

გიორგი გელხაურის თქმით, ამირხანაშვილმა ჩვენება 4-ჯერ შეცვალა, რაც არის იმის საფუძველი, რომ მისი ჩვენებები ანულირდეს.

ასევე, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც მეტი დეტალი გაირკვევა, ამირხანაშვილის სტატუსი შეიცვალოს და ის ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს.

კომენტარები