საარჩევნო კოდექსის ცვლილება

ჩუგოშვილი საარჩევნო უბნებზე: მყიფეა ზღვარი მობილიზებასა და ნების კონტროლს შორის

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზება თუ აღრიცხვა ლეგიტიმური პრაქტიკაა, თუმცა ამომრჩევლის ნების კონტროლსა და მობილიზებას შორის ზღვარი უნდა გაივლოს. ამის შესახებ მან პარლამენტის სესიაზე ისაუბრა. 

"ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენს რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის მობილიზება ლეგიტიმური ინტერესი არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და ამის გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაშიც ხდება სრულიად ლეგიტიმურად, ჩვენთან ძალიან მყიფე არის ზღვარი მობილიზებასა და ნების კონტროლს შორის და როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს არაერთხელ შეუფასებიათ ეს პრაქტიკა, როგორც რეალურად ამომრჩევლის ნების კონტროლი და საკმაოდ ცუდ სურათს ქმნის ხოლმე უშუალოდ საარჩევნო დღეს". – ამბობს ჩუგოშვილი.

ქართული ოცნების ყოფილი წევრის თქმით, არსებული რესურსით ამ საკითხის ადმინისტრირება პრობლემა არ იქნება, თუკი საზოგადოებას წინასწარ ექნება ინფორმაცია წესების შესახებ. 

"ადმინისტრირება, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ათასი ეკიპაჟი გვყავს საპატრულო, სრულიად შესაძლებელია, იმ პირობებში, რომ ვთქვათ ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა სამი ან ოთხი უბანი გააკონტროლოს, იმ შემთხვევაში, თუკი წინასწარ ამომრჩევლებს და საზოგადოებას ეს წესები ეცოდინება მკაფიოდ და ნათლად. თუ ეს გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, რომ საარჩევნო დღეს გარკვეულ რადიუსზე, ასე ვთქვათ, დაყოვნება არის უკანონო და ასევე, თუკი პარტიები შესაბამის ინსტრუქციას მისცემენ თავიანთ წარმომადგენლებს, ამის მართვა იქნება სრულიად შესაძლებელი." – თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, მედიაკამპანიას და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ამასთან, საუბარია გენდერული კვოტებისა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზეც. 

რაც შეეხება საარჩევნო უბნებთან მობილიზაციას, ქართულმა ოცნებამ 25-მეტრიანი დისტანცია განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში არ შეეძლებათ ამომრჩევლის გაჩერება და მათთვის კითხვების დასმა. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები