კორონავირუსი

Covid-19: აშშ-ის საავადმყოფოებში მძიმე პაციენტების რემდესივირით მკურნალობა გახდა დაშვებული

European Pharmaceutial Review

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ [FDA] Covid-19-ის სამკურნალოდ "გადაუდებელი გამოყენებისთვის" მედიკამენტი რემდესივირი დაუშვა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კორნავირუსით ინფიცირების რთული შემთხვევების სამკურნალოდ, აშშ-ში მედიკამენტის დისტრიბუცია მოხდება. მძიმედ განისაზღვრებიან ზრდასრული და მცირეწლოვანი პაციენტები, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე აქვთ, სჭირდებათ ჟანგბადის თერაპია ან ხელოვნური სუნთქვის აპარატი.

გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ FDA-იმ დაამტკიცა რემდესივირი, როგორც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი.

გადაუდებელი გამოყენებისთვის მედიკამენტს მაშინ უშვებენ, როდესაც არ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ადეკვატური, დამტკიცებული ან ხელმისაწვდომი ალტერნატიული მკურნალობა.

ასეთ დროს, FDA, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაზღვრავს, როგორია ბალანსი მედიკამენტის ცნობილ ან უცნობ რისკებსა და პოტენციურ სარგებელს შორის. თუ ჩაითვალა, რომ პოტენციური სარგებელი აჭარბებს რისკებს, მედიკამენტს გადაუდებელი გამოყენებისთვის უშვებენ.

FDA-იმ ჩათვალა, რომ რემდესივირი გადაუდებელი გამოყენებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ის ეფექტური შეიძლება იყოს Covid-19-is მკურნალობისას. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ახალი კორონავირუსის ალტერნატიული დამტკიცებული მკურნალობა, რემდესივირის ცნობილი და პოტენციური სარგებელი, ამ ეტაპზე, აჭარბებს შესაძლო რისკებს.

გადაუდებელი გამოყენების დაშვების შემდეგ, ექიმებისთვის და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია დოზირების ინსტრუქციები და შესაძლო გვერდითი ეფექტების აღწერა. ესენია: ღვიძლის ფერმენტების გაზდილი რაოდენობა, რაც, შესაძლოა, ღვიძლის უჯრედების ანთების ან დაზიანების მანიშნებელი იყოს, ასევე, სისხლის დაბალი წნევა, ღებინება, ოფლიანობა და კანკალი.

დაშვება ძალაში იქნება მანამ, სანამ ჩაითვლება, რომ ამას გარემოებები ამართლებს. გადაწყვეტილება გადაიხედება, თუ ის ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აღარ დააკმაყოფილებს.

ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და ჯანდაცვის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა 29 აპრილს თქვა, რომ რემდესივირის ცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებო ჯგუფების შემთხვევაში კი - 15. ეს ნიშნავს, რომ "მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია". კვლევა ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

რემდესივირი ერთ-ერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც, არაერთი მეცნიერის აზრით, კორონავირუსის სამკურნალოდ შედარებით საიმედოა. ის ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა. 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანას რემდესივირი შეკვეთილი აქვს და მის მიღებას იმედოვნებს.

მედიკამენტ რემდესივირის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები