მიგრანტთა კრიზისი

ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს მიგრანტთა კრიზისზე, დამატებით ფინანსურ დახმარებაზე ესაუბრა

ემანუელ მაკრონი, ბორის ჯონსონი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ანგელა მერკელი

17 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლიდერებმა  მიგრანტებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს. ასევე იდლიბში რუსეთისგან მომავალი საფრთხის შეჩერების გზებზე ისაუბრეს და ამასთან განიხილეს მიგრანტთა ბანაკებიდან კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეც.

ლიდერები პირისპირ შეხვედრას სტამბოლში გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო შეხვედრა ვერ შედგა.

თურქეთის  ერთ-ერთი  მოთხოვნა ევროპელი  ლიდერებისადმი  მდგომარეობს იმაში, რომ მათ საკუთარ თავზე ახალი ფულადი ვალდებულებები აიღონ, რათა  ათი ათასობით მიგრანტის ევროპისკენ სვლა შეჩერდეს. იდლიბის პროვინციაში წინა თვეში ინტენსიური დაბომბვების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყანაში მყოფ ათასობით მიგრანტს ევროპისაკენ საზღვრები გაუხსნა, რამაც 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის მსგავსი სიტუაციის განმეორების საშიშროება შექმნა.

2015 წელს კრიზისი ნაწილობრივ განიმუხტა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა თურქეთს მიგრანტების განსათავსებლად 6 მილიარდი ევრო გამოუყო.

ევროპის ქვეყნები, მათ შორის საბერძნეთი თურქეთის მთავრობას ევროკავშირის საზღვრებთან მიგრანტების იძულებით გადაყვანაში და მათ ბერკეტად გამოყენებაში ადანაშაულებს, რათა ფინანსური დახმარება მიიღოს. ბერძენმა მესაზღვრეებმა მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საბერძნეთმა თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების მიღება ერთი თვის ვადით  შეაჩერა.

გაეროს თანახმად, ამჟამად დაახლოებით 13,000 ლტოლვილი საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვარზეა, და გადასვლას ვერ ახერხებს.

თურქეთი ამტკიცებს, რომ რუსეთ-სირიის საერთო საომარი მოქმედებები, რომლებიც ათი ათასობით მიგრანტს აიძულებს თურქეთს შეაფაროს თავი, შეუძლებელს ხდის თურქეთისთვის შეაკავოს 3,7 მილიონი მიგრანტი.

ერდოღანი პირველად  ევროკავშირის წარმომადგენლებს 9 მარტს შეხვდა ბრიუსელში საკუთარი მოთხოვნების განსახილველად, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ევროკავშირის 2016 წლის სქემის მომხრეები აცხადებენ, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა რომ მომზადდეს მეორე, 6 მილიარდ ევროიანი სქემა. 2016 წლის სქემა გულისხმობდა თურქეთისთვის ფულადი დახმარების სანაცვლოდ, მიგრანტების თურქეთში, მიგრანტთა ბანაკებში დარჩენას და ასევე არალეგალურად გადასული მიგრანტების თურქეთში დაბრუნებას, სანამ ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებლების აპლიკაციებს განიხილავდნენ.

ევროკავშირმა მიგრანტებს ასევე  ერთჯერადი ფულადი დახმარება შესთავაზა, რათა მათ დაეტოვებინათ საბერძნეთის ბანაკები და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებებს, პუტინი და ერდოღანი იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ. 

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის ძალების მიერ წამოწყებული თავდასხმის შედეგად სახლების მიტოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდნენ, ევროკავშირი არასაკმარისი დახმარების გაწევაში დაადანაშაულა და მიგრანტებს ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა.

კომენტარები