ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება

თალაკვაძე: ეს შეთანხმება არის მიღწევა და პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისათვის

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და არის პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისათვის," -პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილებოდა პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია.

"ამით ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება. ეს იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა  მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის," - ამბობს თალაკვაძე.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, თალაკვაძე ამბობს, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე შეთანხმებისას საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

"არანაირი კონკრეტული შემთხვევა არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე შეთანხმება არ არის ჩაწერილი. არ უნდა იყოს გასაკვირი საზოგადოებისთვის, თუ ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, რომ ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნოს აქტიურ კომუნიკაციაში, ეს არის მათთვის პოლიტიკური გამოსავალი, სხვა გზა ამ ოპოზიციონერებს ამ მომენტში არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ხმამაღლა უთხრან თავის მხარდამჭერებს, რომ თითქოს რაღაც მხარდაჭერა შედგა ვინმეს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები," - ამბობს თალაკვაძე.

რაც შეეხება კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურებს,თალაკვაძე ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში შეეცდებიან დაარეგისტრირონ საკონსტიტუციო ინიციატივა, ამის შემდეგ შეიქმენბა საკონსტიტუცი კომისია და დაიწყება ერთთვიანი საჯარო განხილვები, შემდეგ კი საკითხი გადაეცემა კომიტეტებსა და სესიას კენჭიყრიისთვის. ცვლიელებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნებს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს მობილიზებული უმრავლესობა ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად.

გუშინ, 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შეთანხმების მიხედვით, პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან და პოლიტიკურ საქმეები შეწყდება. 

კომენტარები