მოზარდზე ზეწოლა

გამომძიებელ ჩოლოიანის ადვოკატი: პოლიციას სკოლამ დაახვედრა ბავშვების პირადი მიმოწერა

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეში "მნიშვნელოვანია, გაირკვეს სკოლის წილიც". არჩილ შაბაშვილის მტკიცებით, "როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა მათ უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლებოდა [ყოფილიყო] და ვინ იყო ამ კადრებზე, ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინოშოტები, ფეისბუქის სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა".

ადვოკატის თქმითვე, მარიანა ჩოლოიანი 15 წლის ბიჭზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მისგან ჩვენების იძულებით მიღებას არ აღიარებს.

"იგი გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ ქმედებაში, ის ამ საქმეში არის უდანაშაულო" - ამბობს ადვოკატი.

ტაბულა მწვანე სკოლისგან დამატებითი განმარტებების მოპოვებას ცდილობს. 18 დეკემბრის დილით, სკოლის დირექტორი მედიასთან ჰყვებოდა, რომ ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილი პირი იდენტიფიცირებადი არ იყო. მისივე თქმით, 112-ში დარეკვის შემდეგ, საპატრულო პოლიციამ დაიწყო კამერების შემოწმება და დაკითხეს კლასელები.

"დაგვხვდა აჭრელებული კედლები, ინვენტარი, მთელი სკოლის ფართობზე. რამდენიმე კამერას ჩავხედეთ, მივხვდით, რომ უცნობი პირი იყო. ვნახეთ, რომ უცნობი პირი ღამის ათის ნახევარზე გადმოხტა ეზოში, ასე მოხვდა სკოლის შენობაში და მან ქნა ეს ამბავი. მაგრამ იდენტიფიცირებადი არ იყო.

ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა, მოგვეხდინა ბავშვების ევაკუაცია. ასეთი სტანდარტი აქვს სკოლას - როცა უცნობი პირია სკოლაში, ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ამ გადმოსახედიდან ლაპარაკი შეიძლება ცოტა უკონტექსტოდ ჟღერს. მაგრამ ჩვენი ვალდებულება იყო, დაგვერეკა 112-ში" - ამბობს ბექა დავითური.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ცნობით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდს ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

დღეს, 18 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითდაზიანებები კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა მიიყენა.

კომენტარები