საქართველო-სომხეთი

სომხეთი საქართველოსგან სომეხი ჟურნალისტების არშეშვების საკითხზე განმარტებას ელის

newcaucasus

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანა ნაგდალიანის თქმით, სომხეთი საქართველოსგან სომეხი ჟურნალისტების არშეშვების საკითხზე განმარტებას ელის. 

"ჩვენთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ. სომხეთის საელჩო საქართველოში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ქართველ პარტნიორებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენი მიდგომების შესახებ გადასცა,"-თქვა ნაგდალიანმა. 

ნაგდალიანის თქმით, ქართული მხარისგან განმარტების მიღების შემდეგ სომხეთის საელჩო საქართველოში შესაბამის განცხადებას გააკეთებს.  

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს საქართველოში სომხური გამოცემის, Epress.am-ის სამი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მესაზღვრეებმა მათ მიზეზად "არასასურველი საქმიანობა" და "სიტუაციის შეცვლა" დაუსახელეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი არშემოშვების მიზეზს არ აკონკრეტებენ. მათი თქმით, იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატარიანი და ტიგრან აკოფიანი ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე "კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს" გამო არ შემოუშვეს.   

Epress.am წერს, რომ მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა ხაჩატარიანის, აკოფიანისა და მანველიანის პროფესიის შესახებ შეიტყვეს, ისინი განცალკევებით ოთახში გაიყვანეს, სადაც 4 საათით გააჩერეს. მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებს რამდენჯერმე აუხსნეს, რომ ახალქალაქში, ახალციხესა და თბილისში მიდიოდნენ, რათა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაეწერათ.  

როგორც სომხური მედია წერს, ახსნის მიუხედავად, მესაზღვრეები მათ აკრედიტაციას სთხოვდნენ, რომელიც წარსულში, მათი თქმით, არ დასჭირვებიათ. "სიტუაცია შეიცვალა,"-ჟურნალისტების თქმით, ეს პასუხი მიიღეს მესაზღვრეებისგან. 

როგორც მანველიანი, ხაჩატარიანი და აკოპიანი ამბობენ, მესაზღვრეებმა მათ განუმარტეს, რომ საზღვარზე მიკროფონებს, კომპიუტერებსა და კამერებს ვერ გადაიტანდნენ. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ტექნიკა დატოვეს და კვლავ მიბრუნდნენ, მათი ინფორმაციით, საქართველოში ისევ არ შეუშვეს. მიზეზად აგრესიულად უთხრეს, რომ მათი საქმიანობა "არასასურველია, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება ეკრძალებათ" და ქვეყანაში ვერ შევიდოდნენ.

კომენტარები