მედიკამენტების პროგრამა

ჭიაბერაშვილი: მედიკამენტების პროგრამა ისევ ქაღალდზე რჩება 

ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მედიკამენტების პროგრამა, როგორც 2017 და 2018 წლებში, ისე 2019 წელსაც ფურცლებზე რჩება და სამინისტრომ იანვრის შემდეგ 20 მლნ ლარიდან 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა.

“საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი განვლილ ხუთნახევარ თვეში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა,” - ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმითვე, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მლნ ლარის წამალი შეიძინა. პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა.

“საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა,” - ამბობს
ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

"2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ. ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება," - ამბობს ჭიაბერაშვილი. 

კომენტარები