Tbilisi Pride: ვეცდებით შევძლოთ შეკრება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უარს გვეუბნება დაცვაზე

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ლგბტქ ადამიანების მსვლელობის, ღირსების მარშის გამართვას კვლავ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მათ დაცვაზე უარს ეუბნება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ გუშინ, 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა აგვერიდებინა ის, რაც ხშირად ითვლება ხოლმე პროვოკაციულად გარკვეულ ჯგუფებში. არ გავაკეთეთ ეს 17 მაისს, რათა დამატებითი დაძაბულობა არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ვერ შეძლო ჩვენთვის კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯების შემოთავაზება. ეს არის ძალიან სამწუხარო და აუცილებლად გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას სამომავლოდ", - თქვა გიორგი თაბაგარმა.

თაბაგარი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში მასზე იყო ზეწოლა და უცნობმა პირმა, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობდა, ღონისძიების გაუქმება ურჩია.

"ჩემთან იყო მოსული საეჭვო გარემოებებში სახელმწიფოს წარმომადგენელი და მათ ჰქონდათ ჩვენს გუნდში შიშის დათესვის მცდელობა. კეთილი რჩევა მოგვცეს, რომ ისევ ჩვენ თვითონ გაგვეუქმებინა ღონისძიება. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, ამას სახელმწიფო იყენებდა გასული წლების განმავლობაშიც. იმის ნაცვლად, რომ ებრძოლონ პრობლემის სათავეს, მოხდეს პოზიტიური პასუხისმგებლობის გააზრება, იზრუნონ პოლიციელების სენსიტიზაციაზე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, ებრძოლონ სკოლაში ბულინგს და პრობლემას ზოგადად, ხდება ჩვენი გადამალვა და ამას აქამდე სახელმწიფო ახერხებდა წარმატებით", - ამბობს თაბაგარი.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები სახელმწიფოს ახსენებენ, რომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს დაავალა ყველა ზომა მიიღოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის.

ლგბტქ აქტივისტები აპირებენ მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.

"ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების საბაზისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების. ამაზე აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის ვგეგმავთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს", - თქვა პრესკონფერენციაზე მარიამ კვარაცხელიამ.

თბილისი პრაიდი 18-23 ივნისს გაიმართება. კვირეულის ფარგლებში მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დაგეგმილ ადგილებზე კონკრეტული ფორმატის ღონისძიებების გამართვა შეუძლებელია. უწყებაში ამას "პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებით" ხსნიან.

შსს-ში ამბობენ, რომ Tbilisi Pride-ის ჯგუფს შესთავაზეს შეკრების სხვა ალტერნატიული ლოკაციები და ასევე გამოხატვის სხვა შესაძლებლობები, რომლებიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ წელს ლგბტქ აქტივისტებმა უარი თქვეს 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქციის გამართვაზე და ამ დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სწორედ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები გამოვიდნენ.

კომენტარები