ISIS

5 წლის შემდეგ პირველად ISIS-ის ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი საჯაროდ გამოჩნდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ISIS-ის ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი საჯაროდ გამოჩნდა. მისი მიმართვა ბოლოს 2014 წელს გავრცელდა.

18-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში - ალ ბაღდადი პასუხისმგებლობას იღებს შრი-ლანკაზე რამდენიმე კვირის წინ მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანულ ტაძარში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორგანიზაცია მათი მებრძოლების დაკავებისა და დახოცვისთვის შურისძიებას გეგმავს. 

უცნობია, ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული.

ალ ბაღდადი მასში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე საუბრობს, მათ შორის არის ISIS-ის ბრძოლაზე ბაღუზისთვის, ქალაქისთვის აღმოსავლეთ სირიის პროვინციაში, რომელიც გასულ თვეში ტერორისტების დამარცხებით დამთავრდა. უცნობია, სად არიან ის ტერორისტები, რომლებიც აქ საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ.

ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ვიდეოში 3 ადამიანს მიმართავს, რომელთა სახეებიც დაფარულია. ჩანს იარაღი. 


ფოტო: Twitter

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო, რომლის ლიდერებსაც სირიასა და ერაყში ისლამური ხალიფატის შექმნა სურდათ, სირიაში დამარცხდა. ჯერ პენტაგონმა, შემდეგ კი სირიის დემოკრატიულმა ძალებმა დაეშის მიერ დაკავებულ უკანასკნელ პუნტქზეც გამოაცხადეს გამარჯვება. სირიის დემოკრატიული ძალების პრეს-მდივანმა მუსტაფა ბალიმ ე.წ. ხალიფატის სრული განადგურების შესახებ სწორედ ბაღუზის ბრძოლის დასრულების გამოაცხადა.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ისლამური სახელმწიფოს სახით კვლავ მრავალი გამოწვევა და საფრთხეა. ISIS-ს სირიაში და ერაყში “ათობით ათასი” მებრძოლი და მხარდამჭერი ჰყავს და დაჯგუფების მაღალი რანგის ხელმძღვანელობა, თვითგამოცხადებული ხალიფის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ჩათვლით, თავისუფალია.

კომენტარები