სანდრო გირგვლიანის საქმე

სააკაშვილი: სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს დასკვნა თეა წულუკიანმა დაწერა

Ukraine Today

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა დაწერა. კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში ნიკა გვარამიამ სააკაშვილს ჰკითხა, რატომ დაასკვნა ევროსასამართლომ, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტო შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

"წულუკიანმა დაწერა ეს დასკვნა, წულუკიანი მუშაობდა იქ, იმ დასკვნას წერდა წულუკიანი და წულუკიანს ჰქონდა პირადი დაინტერესება, ფაქტია ეს" - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმითვე, შეცდომა იყო, რომ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ გადააყენა.

"ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ახლა ასეთი სიტუაციაა. და სიტუაცია მართლაც იყო ასეთი. ორ-სამდღიანი ფიქრის შემდეგ, ავიღე ჩემს თავზე ეს დარტყმა, ნაღდად შეცდომა იყო, მაგრამ ის ხალხი დააპატიმრეს, ვისაც გირგვლიანი შემოაკვდა, გაუფრთხილებლობით. ყველა, ვინც მონაწილეობდა, დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ. ისინი იყვნენ ზუსტად, ეს ხალხი იპოვეს სატელევიზიო ანძების გადაჭერით, ვინც იყო, ვინც მონაწილეობდა ყველა დაიჭირეს, ამას ვერ გააყალბებდი" - ამბობს სააკაშვილი.

კითხვაზე, რატომ შეიწყალა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები, ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ შეუწყალებია.

"[გავუნახევრე], რაგან ესენი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, 2008 წლის ომის შემდეგ სამხედროებს, ბევრს [შეეხო ამინისტია]" - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, "არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, თუ რაც იყო, გაუფრთხილებელი, არც რობაქიძის თემასთან არაფერი კავშირი არ მაქვს, დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე". 

კითხვაზე, რატომ გაიგო გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობის საქმეები გვიან, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს - "რატომ უნდა გამეგო უფრო ადრე? არ არის ეს პრეზიდენტის ფუნქცია".

სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი 2006 წლის იანვარში, თბილისში, შარდენ ბარში, შსს-ს მაღალჩინოსნებთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე გირგვლიანის ცხედარი იპოვეს. მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დანაშაულიდან რამდენიმე თვის შემდეგ შსს-მ კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავა. სასამართლომ მათ 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობის „დამკვეთების” – შსს-ს მაღალჩინოსნებისა და მინისტრის მეუღლის, დასჯას მოითხოვდა. 

სარჩელი "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის ზაფხულში შევიდა. გირგვლიანის ოჯახი ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის  –  სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევის აღიარებას, ასევე სახელმწიფოსგან 300 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდა.

2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს დაზარალებულთა სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ყურადღება ასევე საქმის გამოძიებისას და სასამართლოში განხილვის დროს დაშვებულ დარღვევებზე გაამახვილა. 

ევროპის სასამართლომ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, გირგვლიანის საქმეში დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების სრულად და დროულად წარდგენა. 

ამავე დროს, ევროსასამართლომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაასკვნა, რომ არ მომხდარა კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა. ანუ, სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების უშუალო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.

"სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავეები პირადი მიზნებით მოქმედებდნენ და მათი ქმედებები ოფიციალური პირების სტატუსთან არ იყო დაკავშირებული. ამგვარად, მათ ქმედებებს ვერ მოჰყვება სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობა მკვლელობისათვის”, – ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2011 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა. სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები იმ "საფუძვლიანი ეჭვის” სასარგებლოდ, რომ დამნაშავეები შსს-ს მაღალჩინოსნების ბრძანებით მოქმედებდნენ. 

სასამართლომ სიცოცხლის უფლების განუყოფელ ნაწილად განიხილა სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნველყოს ქმედითი სისხლის სამართლებრივი სისტემა და განახორციელოს მკვლელობის ფაქტის ქმედითი გამოძიება.

ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, ევროსასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მეორე მუხლის „საპროცესო” ნაწილი დაირღვა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების განუყოფელ ნაწილად განიხილა სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნველყოს ქმედითი სისხლის სამართლებრივი სისტემა და განახორციელოს მკვლელობის ფაქტის ქმედითი გამოძიება.

ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების ტექსტში ვრცლად არის მიმოხილული დარღვევები, რომელიც საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაუშვეს. სასამართლომ  განაცხადა, რომ "გაოგნებულია” ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული ქმედებებით, "რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”. სასამართლოს დასკვნით, საქმის გამოძიება როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურის მიერ ხარვეზებით წარიმართა. ხელისუფლებამ კაფეში მყოფი პირების დანაშაულში თანამონაწილეობის თაობაზე სარწმუნო ბრალდებებზე "თვალი დახუჭა”. არ გაითვალისწინეს ყველა არსებული მტკიცებულება, დაზარალებულები კი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დროულად არ იყვნენ ინფორმირებულნი.  

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსების თაობაზე, ევროსასამართლომ უკანონოდ შეაფასა. რაც შეეხება საქმის განხილვას, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ამ პროცესის „მთავარი ნაკლოვანება” იყო ქართული სასამართლოს მტკიცე უარი – მოსარჩელეებისთვის საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დრო მიეცა. ევროსასამართლომ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის "არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა” მსჯავრდებულთა მიმართ – პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 2008 წელს სასჯელი გაუნახევრდათ, 2009 წელს კი ოთხივე მათგანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.  

კომენტარები