დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გედი ფოფხაძე: ირაკლი კობახიძემ ივანიშვილს უთხრა, ფოფხაძის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო

გედევან ფოფხაძე
ტაბულა

გედი ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ქართული ოცნების დატოვებისა და პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს გედი ფოფხაძისა და კიდევ 5 დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა მოთხოვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პერიოდში.

"ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი რომ დისტანცირებული იყო საერთოდ პოლიტიკური პროცესებისგან, მაშინ ცდილობდა პარლამენტში მისთვის არასასურველი ადამიანები ჩავეჩოჩებინეთ, გავეჩუმებინეთ და ისიც ვიცი, რომ ის მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა გედი ფოფხაძის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო, ის მივიდა ნინია კაკაბაძის სამეურვეო საბჭოში არჩევის დროს",- თქვა გედი ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის 6-კაციან სიაში ეკა ბესელია არ იყო.

"მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პრინციპულად ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ვინაიდან ჩემი მეგობრები ცდილობდნენ ებრძოლათ ამ სივრცეში, ჩავთვალე, რომ მე შეიძლება მათთვის სასარგებლოდ ვყოფილიყავი. საერთოდ შიდაპარტიულ ბრძოლას ადამიანი არ უნდა გაექცე. თუ არის რამე რესურსი, რომ შეცვალო ვითარება უკეთესობისკენ, სჯობს ეს რესურსი გამოიყენო, იმიტომ რომ შიდაპარტიული ბრძოლაც არის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი და მედროვეებს, კარიერისტებს, ანგარებიან ადამიანებს, რომლებიც ეტმასნებიან პოლიტიკურ პროცესებს, აღნიშნული სივრცე უბრძოლველად არ უნდა დაუთმო", - თქვა გედი ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნების დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტა. 

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო.

კომენტარები