დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია კოაბიტაციაზე: აქ გაიყო სწორედ ჩემი და ივანიშვილის გზები

ტაბულა

ქართული ოცნების უკვე ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ წინა ხელისუფლებასთან კოაბიტაციის გამო გაიყო ბიძინა ივანიშვილთან მისი გზები. მას შეახსენეს, რომ როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობდა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოაბიტაცია და თანამშრომლობა მოუწევდა.

"აქ გაიყო სწორედ ჩვენი გზები, მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩენი პოლიტიკური პარტიის შიგნით, ეს ჩემთვის არის მიუღებელი, მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი, მე არ გადამიდგამს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რისი ცდაც შემეძლო მე პირადად იმიტომ, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც ტოვებს იმას, რასაც ქმნის, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, იმას რაც ჩვენ შევქმენით, ის შორს არის იმ იდეალებისგან, რასაც ეფუძნებოდა ეს პოლიტიკური პარტია.

ის ადამიანები, ვინც ჩემი კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, არც ერთი ადამიანი არ მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით რეჟიმის შესაცვლელად, მაგრამ რამდენიმე მათგანი მე მახსოვს მეორე მხარეს, ასე რომ ცხადია ყველაფერი, მე მგონი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა" - თქვა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყვეტდა, დარჩებოდა თუ არა მმართველ გუნდში. 

ეკა ბესელიასა და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.  

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები