ბატიაშვილი: იურიდიულად კერზაიას გათავისუფლება შემეძლო, მაგრამ მორალურად სწორად მოვიქეცი

ჩვენ მივიღეთ აუდიტის დადასტურება რეალური დარღვევების შესახებ და ეს დარღვევები მართლაც მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ფინანსურ დარღვევებზე, რომელიც კანონის დარღვევებთან არის დაკავშირებული.

მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც სამეურვეო საბჭოს განცხადება, ისე ქალბატონი იას წერილი და არ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. ეს ხდებოდა არა საარჩევნო პერიოდში, არამედ შემდგომ, როდესაც ჩვენ გვქონდა ყველანაირი იურუდიული საფუძველი, რომ ქალბატონი ია გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, ამის განხორციელება ჩვენ იურიდიულად შეგვეძლო.

მაგრამ ამ საკითხში ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ისევ მორალური პრინციპიდან და გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამ მოიწერა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დარღვევები გაასწორეს. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც იყო დაკავშირებული იგივე სკოლის მიმართვასთან, ერთი იყო იურიდიული საკითხი, მეორე მორალური საკითხი, ჩვენ ეს გადაწყვეტილება [სკოლის დირექტორის გათავისუფლება] არ მიგვიღია, ასეთი ბრძანება ბუნებაში არ არსებობს. იმიტომ, რომ მორალურად ჩავთვალეთ, სკოლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მიუხედავად ასეთი იურიდიული დარღვევებისა, მიგვეცა შესაძლებლობა, გამოესწორებინა, თუმცა, ჩვენ ამის ყველანაირი იურიდიული საფუძველი გვქონდა... შეიძლება, იურიდიულად ბოლომდე სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ მორალურად სწორად მოვიქეცი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ სკოლას მივეცით შანსი, ეს ყველაფერი გამოესწორებინა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების კომიტეტის სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მტკიცებით, განათლების მინისტრმა 22 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ია კერზაია გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოთო კახიძემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ბრძანება არის სარეკომენდაციო ხასიათის და საბოლოო სიტყვა სამეურვეო საბჭოს ეკუთვნოდა.

კომენტარები