საქართველოს უზენაესი სასამართლო

ანა ნაცვლიშვილი: ნინო გვენეტაძემ ნდობა ვერ გაამართლა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ნინო გვენეტაძემ ნდობა ვერ გაამართლა. 

ნაცვლიშვილმა ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. 

თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის სურვილია, კანდიდატის შერჩევა მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს, კრიტერიუმები კი კვალიფიკაცია, ნდობა და აპოლიტიკურობა იქნება.

"პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მოსაზრებები და რჩევები, ეს არის როგორ უნდა დაიგეგმოს პროცესი იმისთვის, რომ მივიდეთ საუკეთესო შედეგამდე. როგორ წარმოუდგენიათ აკადემიური წრეების წარმომადგენელებს პროცესის მართვა, კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს ადამიანი, იმიტომ, რომ კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები და კონკრეტული დეტალები არ არის გაწერილი, მათ შორის კრიტერიუმების მოთხოვნის მიმართულებით. ეს შეხვედრა ემსახურება სწორედ პროცედურის და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებების მოსმენას. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მას არანაირ ხელშეწყობა, იმ ორი უმნიშვნელოვანესი უწყებიდან, რომელიც არის ერთის მხრივ პარლამენტი და მეორეს მხრივ, იუსტიციის სამინისტრო, არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ, არ ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება, მხოლოდ ამ ერთ ადამიანს დაბრალდეს,“ - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. 

თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდება და უზენაესის თავმჯდომარეს შემდეგ აირჩევს, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. 

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარი დოკუმენტის განახლებული ვარიანტი ძალაში შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს. 

კომენტარები