c ჰეპატიტი

ბახტაძე: 2020 წელს შეიძლება გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც გაუმკლავდება C ჰეპატიტს

"2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

პრემიერის თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

„სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი, ზოგადად, არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რესურსების მაქსიმალურ მობლიზაციას მოითხოვს. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა იქნებოდა.პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერკიდევ მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს და კომპანია „გილეადს“, რომელთა დახმარების გარეშე ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატების ძალიან მაღალ კომერციულ ღირებულებას და აღნიშნა, რომ მოქალაქეს მკურნალობა 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა.

კომენტარები