საავტორო უფლებები

სასამართლოს გადაწყვეტილებით translate.ge-ის ბაზიდან 70 ათასი სიტყვა ამოიღეს

translate.ge

ონლაინ ლექსიკონის, translate.ge-ის ბაზიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 70 ათასი სიტყვა ამოიღეს. 

საქმე ისიდორე გვარჯალაძის მიერ 1975 წელს შედგენილ ინგლისურ-ქართულ და ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს ეხება. 

translate.ge-ის წინააღმდეგ სასამართლოს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სწორედ გვარჯალაძის ოჯახმა მიმართა - სარჩელი 2015 წელს შევიდა. 

ლექსიკონის ადმინისტრაცია წერს, რომ მათ არასდროს დაუმალავთ, რომელი ლექსიკონებისგან შედგებოდა მისი მონაცემთა ბაზა, კერძოდ:

  • 143 305 სიტყვა - ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი. დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონისძე, ლოურენს ბროერსი, არიანე ჭანტურია, ლევან ჩხაიძე, თინა მარგალიტაძე. ლონდონი: Garnett Press, 2006. ISBN 978-0-9535978-3-4 (გადმოგვეცა თიბისი ბანკის და ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით #წერექართულად პროექტის ფარგლებში, ასევე აღსანიშნავია დონალდ რეიფილდის ოჯახის სურვილი რომ, ლექსიკონი საჯარო გამოყენებაში გადაეცათ ქართველი ხალხისთვის)
  • 70 000 სიტყვა - ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი - * ამჟამად წაშლილია ბაზიდან
  • 61 000 სიტყვა - Common Dictionary Words - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 60 000 სიტყვა  - სამედიცნო ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 48 000 სიტყვა - ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 27 000 სიტყვა - იურიდიული ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 8 500 სიტყვა - მარკეტინგული ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)

მათივე თქმით, სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ წლების წინ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ლექსიკონი უამრავჯერ გადამუშავდა, შესწორდა და გამდიდრდა საიტის მომხმარებლების მიერ.

"სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ "ქრაუდსორსინგი", ვიკიპედიით დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და translate.ge არის პლატფორმა/საიტი რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ თვითონ პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს გამოყენებული აქვს 11 სხვადასხვა ლექსიკონი იხ: (http://cdn.translate.ge/web/reference.jpg), რომელთა ნაწილზე საავტორო უფლებების არსებობა დიდად საეჭვოა თუ გამორიცხული არა. და 2017 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ასოციაციის სარჩელი, რის შედეგადაც საიტის ავტორს დაეკისრა 50 000 ლარი ჯარიმა და გვარჯალაძეების ლექსიკონის ამოღება საიტის მონაცემთა ბაზიდან.

მოგვიანებით შედგა ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხის ოდენობა გახდა 13400 ლარი, საიდანც 10 000 ლარი უნდა გადაეცეს ოჯახს ხოლო დარჩენილი 3400 ლარი გადაეცემა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას.

ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი ამოღებულია translate.ge-ს მონაცემთა ბაზიდან", - წერია translate.ge-ის განცადებაში.

კომენტარები