ტყის ხანძრები

CENN: ხანძარგამოვლილი ბორჯომის ხეობა სტიქიის მოლოდინშია

cenn

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, სოფელ დაბაში 2018 წლის გაზაფხულზე ბუნებრივი კატასტროფების რისკები შესაძლოა ერთიორად გაიზარდოს. სპეციალისტები საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება.

"ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ბორჯომის ხეობაში არსებული მდგომარეობა მძიმეა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. განმეორებითი ხანძრის შედეგად, სტიქიური რისკ ფაქტორები ერთიორად გაიზარდა. 20-26 აგვისტოს ტყის ხანძარი 752 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 525 ჰექტარი ტერიტორია მეორედ დაიწვა და ცეცხლმა პირწმინდად გაანადგურა 2008 წლის ნახანძრალზე გადარჩენილი ხეები", - აღნიშნულია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის განცხადებაში.

CENN-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა უშუალოდ სტიქიის ზონაში - მდინარე ნაღვარევის ხეობაში შექმნილი მდგომარეობა. ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელი საშიში გეოლოგიური პროცესები საფრთხეს უქმნის სოფელ დაბის მოსახლეობას და დაუყოვნებლივ საჭიროებს ზომების მიღებას.

"სოფელი დაბა ახალი სტიქიის მოლოდინშია. ადგილობრივები შეშფოთებულნი არიან და ამბობენ, რომ მდინარემ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს სოფელს. ნაღვარევის ხეობის გადაღმა მცხოვრებ მესხიძეების ხუთსულიან ოჯახს კი, ყველაზე ცხელ წერტილში უწევს ცხოვრება. ოჯახის უფროს სერგო მესხიძის თქმით, წვიმის დროს მდინარე ნაღვარევი, იგივე დაბისწყალი, ისე დიდდება, რომ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მთლიანად იხერგება და მათი ოჯახი გზის და სასმელი წყლის გარეშე რჩება. ილონა დიასამიძე კი ამბობს, რომ 2008 წლის ხანძრის შემდეგ, ადიდებული მდინარე მრავალჯერ გადმოსულა კალაპოტიდან და არაერთხელ დაუტბორავს ადგილობრივების ნაკვეთები", - აღნიშნულია განცხადებაში.

CENN-ის მიხედვით, 2008 წლის ხანძრის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ 2010 წელს სოფელი დაბა ერთხელ უკვე გადაურჩა დამანგრეველ სტიქიას. გარდა ამისა, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, დასკვნაში არაერთხელ, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მდინარე ნაღვარევის ხეობაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს სასწრაფო ზომების მიღება, რათა სოფლის მოსახლეობა მოსალოდნელი კატასტროფებისგან დაცული იყოს.

"სოფელ დაბისთვის განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულის პერიოდი. ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთ ფერდობზე მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია. გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექის შედეგად, შესაძლოა, ხეობაში დაგროვილი ნარჩენი, დამწვარი ხეები, ლოდები და ჩამოშლილი ნიადაგი ღვარცოფული მასად იქცეს და სერიოზული ზიანი მიაყენოს სოფელს. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ნახანძრალი ფერდობები უკვე საძოვრებად იქცა და ხანძრის შემდეგ აქა-იქ წამოსულ ბალახზე ადგილობრივი მოსახლეობა საქონელს აძოვებს", - აცხადებს CENN.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს სატყეო სააგენტოს მონაცემებსაც, რომლის მიხედვით, აგვისტო-სექტემბრის ხანძრების შედეგად, ბორჯომის ხეობაში სულ დამწვარია 943 ჰექტარი ფართობი, საიდანაც 706 ჰექტარი 2008 წლის ხანძრის შედეგად ერთხელ უკვე დაიწვა.

"ექსპერტების რეკომენდაციით, ნახანძრალ ტერიტორიაზე საჭიროა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ნიადაგის აღდგენა და ტყის საფარის გაშენება. მდინარე ნაღვარევის ხეობაში კი, პირველ რიგში, აუცილებელია მდინარის კალაპოტის გაწმენდა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა ხეობაში დაგროვილმა ღვარცოფულმა მასამ საფრთხე არ შეუქმნას ადგილობრივების სიცოცხლეს", - აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი.

CENN ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალი ტერიტორიების მდგომარეობის შესაფასებლად 2017 წლის 23 სექტემბერს, Global Forest Watch-ის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი აცხადებს, რომ სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს ბორჯომის ექვსდღიანი ხანძრის შედეგები, ნიადაგის საფარის მდგომარეობა და სტიქიის ზონაში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები. ვიზუალური შეფასების საფუძველზე, მომზადდა შესაბამისი პირველადი ანგარიშები და გაიცა რეკომენდაციები.

კომენტარები