ნარკოპოლიტიკა

ნარკოპოლიტიკის პლატფორმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს

ოთო ნიკა

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება და მიუთითებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი ნათქვამი "მთლიანად უგულებელყოფს რამდენიმეთვიან უმნიშვნელოვანეს სამუშაო პროცესს". 

ირაკლი კობახიძემ 11 დეკემბერს თქვა, რომ პირადად მას ამ დრომდე არ მოუსმენია სიღრმისეული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, გამოიწვევს თუ არა ნარკოტიკის მოხმარების ზრდას კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები. პარლამენტის თავმჯდომარემ “წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთან დაკავშირებით”.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომელიც 40-ზე მეტ ორგანიზაციას და აქტივისტს აერთიანებს, პარლამენტს მიმართავს, უახლოეს დღეებში უზრუნველყოს კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები და ახალ წლამდე საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური ნება. 

"კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ხუთმა დეპუტატმა ამ წლის ზაფხულში (თითქმის ნახევარი წლის წინ) მოახდინა. კანონპროექტს მისი განმარტებითი ბარათის გარდა, თანდართული აქვს მხარდამჭერი დოკუმენტი, სადაც გაწერილი და ახსნილია ყველა რისკები და მათი მინიმიზების გზები. კერძოდ, პრევენციის, მკურნალობა/რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, რითიც მოხდება ნარკოტიკის გავრცელების პრევენცია, ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ნარკოდამოკიდებულ ადამიანთან ჯანდაცვითი თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ინიცირების შემდეგ სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობდა კანონპროექტზე მუშაობა. კერძოდ, მისი საჯარო პრეზენტაციები გაიმართა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში, აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები კანონპროექტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, რამდენჯერმე გაიმართა კანონპროექტის საჯარო განხილვა თბილისში, აგრეთვე მოხდა მისი შინაარსის გაცნობა რეგიონებში. კანონპროექტი დაგზავნილი იყო რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ (UNAIDS, Global Commission on Drug Policy, International Drug Policy Consortium) უკვე წარმოადგინა საკუთარი შეფასებები, რომლითაც ცალსახად მიესალმებიან მომზადებული ცვლილებების მიმართულებებსა და შინაარსს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ინიცირებიდან დღემდე პლატფორმა კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს ინარჩუნებდა როგორც პარლამენტთან, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებთან და რამდენიმე ეტაპად მოხდა უწყებების პოზიციების გათვალისწინება, რათა კანონპროექტი ყოფილიყო მაქსიმალურად კონსესუსუნარიანი და გაადვილებულიყო მისი დროული განხილვა პარლამენტში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადება მთლიანად უგულებელყოფს რამდენიმეთვიან უმნიშვნელოვანეს სამუშაო პროცესს და აჩენს მმართველი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულებას ნარკოტიკების მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე საპატიმროებში მყოფი იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც დღეს გაუგონარი უსამართლობის და სახელმწიფოს ირაციონალური მიდგომების გამო იხდიან მრავალწლიან სასჯელებს.

ცხადია, ჩვენ მზად ვართ, პირადადაც გავუზიაროთ პარლამენტის თავმჯდომარეს ინიცირებული კანონპროექტის არგუმენტები, მასზე მომზადებული საერთაშორისო დასკვნები და ჩვენი ხედვები, რომლის თანახმადაც არსებული სადამსჯელო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ზრუნვის და მხარდაჭერის მიდგომებით. ამავდროულად, მივმართავთ ბატონ ირაკლი კობახიძეს, უახლოეს დღეებში უზრუნველყოს კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები და ახალ წლამდე საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური ნება, უჭერს თუ არა მხარს მომზადებულ ინიციატივას პრინციპების დონეზე", - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. 

კომენტარები