დონალდ ტრამპი

რეაქცია ტრამპის იერუსალიმის გადაწყვეტილებაზე: "ახალი ხედვა" და "ჯოჯოხეთის კარიბჭე"

Getty images

გუშინ, დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვება.

"მე გავეცი დაპირება, რომ მსოფლიოს გამოწვევებს თვალებში ჩავხედავდი და ახლებურად ვიფიქრებდი. ჩვენ ვერ გადავჭრით ჩვენს პრობლემებს ერთი და იმავე წარუმატებელი ვარაუდებით და წარსულის წარუმატებელი სტრატეგიების გამეორებით."

"დროა, ოფიციალურად ვცნოთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად," - თქვა ტრამპმა. მეტიც, მისი თქმით, ეს დიდი ხნით დაგვიანებული გადაწყვეტილებაა აშშ-ის მხრიდან. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ინტერესებშიცაა და რეგიონში მშვიდობის დამყარებასაც შეუწყობს ხელს.

რეაქცია ტრამპის განცხადებაზე

დონალდ ტრამპის განცხადების დაანონსებას გუშინ სხვადასხვა მსოფლიო ლიდერის გამოხმაურება მოჰყვა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ტრამპს მოუწოდა ქალაქის სტატუს ქვოსთვის პატივი ეცა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთს საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის გეგმა არ აქვს. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე დონალდ ტრამპთან გასაუბრებას გეგმავდა. განცხადების შემდეგ ტერეზა მეიმ თქვა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მისი აზრით ეს რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას ხელს შეუშლის.

ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ესაუბრა და სიტუაციის გამწვავების თაობაზე შეშფოთება გამოხატა.

თურქეთის პოზიციით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა რეგიონს და მსოფლიოს დაუსრულებელ ცეცხლში ჩააგდებდა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით მსგავსი დაგაწყვეტილების შემთხვევაში თურქეთი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასაც განიხილავდა.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ღაზას სექტორში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ტრამპის სურათები დაწვეს.


ფოტო: AFP

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ სამშვიდობო პროცესებიდან უკან დახევაში დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ვეღარ შეასრულებს და დაამატა, რომ ქალაქი "პალესტინის სამარდისო დედაქალაქია". ჰამასმა ტრამპი "ჯოჯოხეთის კარიბჭის" გახსნაში დაადანაშაულა.

რაც შეეხება ისრაელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტრამპის გამოსვლამდე დაანონსებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპა ოფიციალურად ცნო ეირუსალიმი ისრაელის დედაქალაქად მან განაცხადა, რომ ისტორიული დღეა და ისრაელი ტრამპის მადლიერია.

"იერუსალიმი ჩვენი იმედების, ოცნებების და ლოცვების ფოკუსია სამი ათასწლეულის მანძილზე" დაწერა მან Twitter-ზე.

ტრამპის გადაწყვეტლება დაგმო საუდის არაბეთმა და მას გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო უწოდა. საუდის არაბეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამეფო გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი გადადგა და ამით პალესტინელი ხალხის იერუსალიმზე ისტორიული და ურყევი უფლების მიმართ მიკერძოებული პოზიცია დაიკავა.

თუმცა აღსანიშნავია ფაქტი, რომ გასულ თვეს რიადში პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ვიზიტისას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა მას შესთავაზა პალესტინის სამომავლო დედაქალაქად იერუსალიმის ნაცვლად სოფელი აბუ დისი განეხილათ, რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს. შეთავაზებამ ისლამურ სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-მა გადაწყვეტილება სასოწარკვეთის და სისუსტის გამო მიიღო, რადგან მათ ხელები შეკრული აქვთ და მიზნებს ვერ აღწევენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსი ისრაელის და პალესტინის მხარეებს შორის მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს. მისი თქმით ორი სახელმწიფოს შექმნის გეგმას ალტერნატივა არ აქვს.

გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა წევრებმა აშშ-ის გადაწყვეტილების განსახილველად მიმდინარე კვირაში საგანგებო შეხვედრის ჩატარება მოითხოვეს.

შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმაც.

რას ნიშნავს ტრამპის გადაწყვეტილება?

ტრამპის გადაწყვეტილებამ ათწლეულების მანძილზე აშშ-ის პოლიტიკა შეცვალა.

აშშ-ის კონგრესის მიერ 1995 წელს მიღებული იერუსალიმის საელჩოს აქტი საელჩოს იერუსალიმში გადატანას მოითხოვს, თუმცა მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტები უარის თქმის შესახებ დოკუმენტს იყენებენ, რათა გადაწყვეტილებამ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებებს ხელი არ შეუშალოს.

საელჩოს გადატანის შესახებ განხილვა მიმდინარე წლის ივნისშიც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპმა საელჩოს თელ ავივიდან გადატანაზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

ზოგიერთი მოსაზრებით ტრამპის ეს გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებებს პირიქით, ხელს შეუწყობს, ვინაიდან ფოკუსს იერუსალიმის საკითხიდან მშვიდობის მიღწევაზე გადაიტანს.

აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელსაც მხარს რესპუბლიკელთა ნაწილის გარდა ამერიკის ევანგელისტური ეკლესიაც უჭერდა. ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელს ქრისტიანებზე უფრო დიდი მეგობარი არ ჰყავს.

იერუსალიმში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს უკვე მოუწოდეს სიფრთხილისაკენ, ვინაიდან ტრამპის გადაწყვეტილებამ როგორც ღაზას სექტორში, ასევე დასავლეთ სანაპიროზე საპროტესტო აქციები გამოიწვია.

პალესტინის წამომადგენლების თქმით გადაწყვეტილება ექსტრემისტების მხრიდან რელიგიური ომისაკენ მოწოდებას გააძლიერებს და აშშ-ის, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლის როლს ლეგიტიმურობას დაუკარგავს.

ტრამპის განცხადებით მისი ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ის მხარეს ირჩევს და რომ საბოლოო სტატუსის და საზღვრების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა მოლაპარაკებების შედეგად უნდა მიიღონ.

თუმცა გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ მისი წინამორბედები იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად გამოცხადებას სწორედ იმიტომ აყოვნებდნენ, რომ ამ მოლაპარაკებებს ხელი არ შეშლოდა და აშშ-ის ეს გადაწყვეტილება სწორედ მხარის არჩევად აღიქმებოდა.

სხვა სადავო საკითხების შესახებ, როგორიცაა პალესტინელი ლტოლვილების და ებრაული დასახლებების ბედი, ტრამპს კომენტარი არ გაუკეთებია.

მისი თქმით ის კვლავ მხარს უჭერს ორის სახელმწიფოს შექმნის გეგმას, თუ ეს მხარეებსაც სურთ.

"რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული აზრი და უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ და საბოლოოდ, როდესაც ამ უთანხმოებებს გადავჭრით მივალთ გაგებამდე და თანამშრომლობამდე." თქვა მან.

კომენტარები