ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზის საბოლოო სიტყვა - რის გამო დაიხურა ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო სხდომები

ტელეკომპანია პირველი ე.წ ციანიდის საქმის ექსკლუზიურ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოზე დასკვნით სიტყვას ამბობს. 

დეკანოზი საუბრობს პირადი ცხოვრების ამსახველ იმ მასალებზე, რომლის გამოც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დახურა. საუბარია 4 ფოტოზე, რომლებსაც, დეკანოზის მტკიცებით, პროკურატურა მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და პატრიარქს აჩვენებდა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს დეტალურად უხსნის ფოტოებზე ასახულ ვითარებას და მას სთხოვს, აღმოფხვრას "პროკურატურის ამაზრზენი ქმედებები". 

გთავაზობთ დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის ტრანსკრიპტს:

"მე სპეციალურად არ ჩავუღრმავდები იმ უსირცხვილო, უმსგავსო და კანონის უზენაესობის დარღვევის განხილვას, რომელსაც დღიდან ჩემი დაკავებისა და განსაკუთრებით, ზოგიერთი მოწმის დაკითხვის წინ კადრულობდნენ პროკურატურის მესვეურები.

მე ვგულისხმობ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციების მიწოდებას მიტროპოლიტ დიმიტრიზე და სხვა იერარქებზე, რომლის მთავარი მიზანი მათი ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლა და პროკურატურის კითხვებზე სასურველი პასუხების მიღება იყო. რაც არ გამოუვიდათ. რაც შეეხება ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ცდილობს ბრალდება. მე მათ შესახებ გავაკეთე განმარტება და გავიმეორებ: ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გადავხედე ფოტოებს. მათში ნამდვილად არის ფოტოები, რომლებსაც შეიძლება ყურადღება მიაქციო, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ ნიშნავს, არ გაარკვიო და არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგინო.

ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ პენუარით სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს თავის სოციალურ ქსელში. მე კი, როგორც მისმა მეგობარმა, გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ როგორც მღვდელმა, არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა.

მეორე ფოტოზე გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობის საქმით არის დაკავებული და რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული. ხოლო ერთერთმა მოძღვარმა მამა ანდრია თურმანიძემ გამომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის, როგორც შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და, იქნებ, გაესაუბროო.

მესამე ფოტო არის პირადად ჩემი, სადაც გოგონას ვკოცნი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან, თითქოს არავის არ ჰქონდეს გოგოსთვის ნაკოცნი, რომელიც 2006 წელს ჩემს სასულიერო პირობამდეა გადაღებული.

მეოთხე ფოტოკოლაჟი გახლავთ, ქერათმიანი, სექსუალური გარეგნობის გოგონასთან სელფები და მისი ცალკე ფოტოები. ეს გოგონა გახლავთ ჩემი დისშვილი, მამის პირველი ქორწინებიდან. სასამართლოს ვთხოვ, უზრუნველყონ მომავალში მაინც პროკურატურის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა". 


ე.წ. ციანიდის საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს იყო პირველი სხდომა ამ საქმეში, რომელიც იყო ღია, როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. თავად დეკანოზი სხდომას არ ესწრებოდა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე აეროპორტში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამლვა, თუმცა მისი დაკავებისას ისევე, როგორც პროკურატურის წარმომადგენლები, ხელისუფლების წევრებიც ღიად თუ ირიბად მიანიშნებდნენ იმაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას აპირებდა, მათ კი ქვეყანას "დიდი განსაცდელი აარიდეს". ამასთან, პროკურატურის მიერ პირველად გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლის მცდელობა, შორენა თეთრუაშვილი კი სასულიერო პირი არ არის. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ყვება, რომ როდესაც დეკანოზი დააკავეს, სამართალდამცავები მას ეუბნებოდნენ - "ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქის მოწამვლას აპირებდი". 

თავად დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ნაცნობი ხატმწერისთვის, თუმცა საბოლოოდ მას ციანიდი არ შეუძენია და ჩაუდეს.

კომენტარები