საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთობლივ ხედვას გამოაქვეყნებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მომდევნო კვირის დასაწყისში პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გიორგი აბაშიშვილმათქვა. მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით წამოწყებული პროცესი სწორედ ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებით დასრულდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადარჩენის შანსია.

"კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად", -თქვა აბაშიშვილმა

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგაც აქტიურად მართავს. მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ კონსტიტუციაზე დახურულ კარს მიღმა დღესაც იმსჯელეს.

ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც: კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.  

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას სექტემბრის ბოლოს გეგმავს. 

კომენტარები