იუსტიციის საბჭო

NGO-ები: იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები გამჭვირვალედ აირჩიეთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დღეს იუსტიციის 4 ახალი წევრის არჩევას განიხილავს, არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, უზრუნველყოს არჩევის გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული პროცესი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საბჭოს წევრთა არჩევის გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებულ პროცესს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომლითაც წარადგინა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი. "გამჭვირვალობის და პროფესიული შერჩევის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო წინადადება, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა შემდეგს:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ ხედვის დოკუმენტების წარდგენა;
  • წამყვანი კომიტეტის მიერ საბჭოს წევრებთან გასაუბრების წესის შემოღება. კომიტეტის სხდომაზე დაინტერესებული პირების დასწრება და შეკითხვების დასმის უფლების განსაზღვრა;
  • საბჭოს წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემებისა და ხედვის დოკუმენტების გამოქვეყნება პარლამენტის ვებ-გვერდზე;
  • დაინტერესებული პირებისაგან კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვის შედეგად კომიტეტის მიერ შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის მომზადება.

საიას საკანონმდებლო წინადადება განხილული იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომებზე. მართალია, საკომიტეტო განხილვის დროს პარლამენტის წევრებმა გაიზიარეს საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურების დახვეწის საჭიროება და მოიწონეს წარდგენილი წინადადება, თუმცა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს იმის გამო, რომ ამ დროისთვის უკვე არსებობდა ინფორმაცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან ამავე საკითხზე ინიციატივის არსებობის შესახებ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს დალოდებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების ცნობით, მაისის ბოლოს გამოიცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე. გაირკვა, რომ საბჭოს წევრთა არჩევის წესის დახვეწის მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ვერ მოესწრო და პარლამენტი შეუდგა საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურის ჩატარებასმოქმედი ხარვეზიანი წესით(მოქმედი წესი არ ითვალისწინებს საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენასაც კი საკომიტეტო ფორმატში).

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე, კანდიდატების კომპეტენციებსა და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს დაკომპლექტებისას გათვალისწინებულ იქნას გენდერული თანასწორობის საკითხები.

იუსტიციის საბჭოს წევრთა პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევა გათვალისწინებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში არსებული სერიოზული კრიტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალია საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღირსეული წევრებით დაკომპლექტების საქმეში", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანია უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

კომენტარები