წულუკიანი მუხთარლიზე: გამორიცხულია ჩვენი სამართალდამცავების მონაწილეობა

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში ყოფნა გამოძიებას გაართულებს, რადგან "ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის". ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "მთავარში" ისაუბრა. 

"საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას, გავარკვიოთ, რა არის მომხდარი. ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ის ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც და ა.შ. და გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ,"- აცხადებს თეა წულუკიანი.

მინისტრის თქმით, მისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა ის ბრალდებები, რომელიც საქართველოს სამართალდამცავების წინააღმდეგ გაჟღერდა, კერძოდ კი, ომბუდსმენის განცხადება. 

"მოვისმინე რა ჩემთვის შემაშფოთებელი სხვადასხვა ბრალდება, მათ შორის, ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მათ შორის, სახალხო დამცველის Facebook-ზე გაკეთებული ჩემთვის აბსოლუტურად გასაოცარი და განმაცვიფრებელი განცხადება, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია, რომელიმე ჩვენი სამართალდამცავის მონაწილეობა ამგვარ გაუგონარ ფაქტში,"- ამბობს წულუკიანი. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აზერბაიჯანის სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მუხთარლი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები