ავიაცია

ვინ მიიღებს 10 მილიონს, მთავრობა შიდა ავიაციის წახალისებისთვის ტენდერს აცხადებს

მთავრობის ადმინისტრაცია

10.7 მილიონი ლარი არის იმ ტენდერის სავარაუდო ღირებულება, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ავიაციის განვითარებისთვის გამოაცხადა. ტენდერის შედეგად გამოვლინდება ავიაკომპანია, რომელიც მომდევნო 3 წლის მანძილზე ქვეყნის შიდა აეროპორტებში/აეროდრომებში რეგურალურ რეისებს განახორციელებს.

მთავრობა შიდა ავიაციის განვითარებას სუბსიდირების გზით გეგმავს. 25 აპრილის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა საგადასახადო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც შიდა რეისებისთვის განკუთვნილი საავიაციო საწვავი აქციზისგან და დღგ-სგან გათავისუფლდება. აღნიშნული ნაბიჯი ბილეთის ღირებულების შემცირებას და ამ გზით ავიაციის წახალისებას ისახავს მიზნად.

"დღგ-გან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებოლად და ასევე სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. რა თქმა უნდა ეს ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია მოგეხსენებათ არის ძირითადად სუბსიდირებადი დარგი და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები",- ამბობს პრემიერი.

საგადასახადო ცვლილებას სავარაუდოდ შიდა რეისზე ბილეთის ღირებულების გაიაფება უნდა მოჰყვეს.

ავიაკომპანია სერვისეარს, რომელიც გასული სამი წლის მანძილზე სუბსიდიის სანაცვლოდ ასრულებდა შიდა რეისებს კონტრაქტის ვადა ეწურება. ახალ ტენდერში საკუთარი შეთავაზება ჯერ არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია. 

ტენდერის პირობების მიხედვით, სერვისის მიმწოდებელმა მომსახურება ორი თვითმფრინავით, უნდა განახორციელოს. პირველი თვითმფრინავის ტევადობა 15 მგზავრზე ნაკლები არ უნდა იყოს, მეორე თვითმფრინავი კი მინიმუმ 30 ადგილიანი უნდა იყოს. რეისები მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში ჩატარდება.

კომენტარები