ინფლაცია

საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 5.5% იყო

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1.7%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.5% შეადგინა.

საქართველოში ინფლაციის შესახებ მონაცემები საქსტატმა დღეს, 2 მარტს გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, თებერვალში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (6.7%), ხორცსა და ხორცის პროდუქტების (2.7%), ხილისა და ყურძნის (2.5%), ზეთისა და ცხიმის (1.8%), აგრეთვე ყავის, ჩაისა და კაკაოს (1.7%) ქვეჯგუფებზე. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0.7%).
  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5%-ით. ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.6%).
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.4%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0.9%).


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის ინფორმაციით, ამ მონაცემის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.4%-ით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2.12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26.3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.3%).
  • მოცემულ პერიოდში ფასების 5.5%-იანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14.2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.4%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6.3%). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5.2%).
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35.1%).


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კომენტარები