გაზპრომთან მოლაპარაკებები

კაკულია Gazprom-ზე: არ მესმის, რატომ არის ეს საკითხი ტრაგიზმით აღსავსე

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

"არ მესმის, რატომ არის ეს მოვლენა ასეთი ტრაგიზმით აღსავსე", - საქართველოს მიერ Gazprom-თან კონტრაქტის ცვლილებაზე ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

"არ მესმის, რატომ არის ეს მოვლენა ასეთი ტრაგიზმით აღსავსე. ძალიან მინდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა ისეთი იყოს, საიდანაც მე თვითონ რაღაც პოზიტივის ამოღებას შევძლებ. მაგრამ ტრაგიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია", - ამბობს კაკულია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად", - ამბობს კალაძე.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევე ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები