საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია

ფრანგ რესპუბლიკელთა ფავორიტი: რუსოფილი ტეტჩერისტი - ფრანსუა ფიიონი

ფრანსუა ფიიონი
Getty Images

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პირველი ტურის გამარჯვებული ფრანსუა ფიიონი, რომელმაც ხმების 44.2 % მიიღო, 2007-2012 წლებში საფრანგეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ვლადიმირ პუტინის თქმით, ფრანსუა ფიიონი "ნამდვილი პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია". ფიონის საგარეო პოლიტიკა ღიად პრორუსულია, ის მხარს არ უჭერს NATO-ს საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, ევროკავშირს კი რუსეთისადმი სანქციების დაკისრებაში არ ეთანხმება. ფიიონის ეკონომიკური ხედვა ასეთია - მეტი თავისუფლება კერძო სექტორს და ნაკლები დანახარჯი სახელმწიფოს მხრიდან. ადამიანის უფლებების საკითხში ფიიონს კონსერვატორული ხედვები აქვს.

საგარეო პოლიტიკა

ფრანსუა ფიიონი გოლისტია. შარლ დე გოლის საგარეო პოლიტიკა ნაციონალისტური იყო, ის არ ენდობოდა ამერიკას და არ სურდა საფრანგეთი მისი გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. ამასთანავე, დე გოლს საფრანგეთისთვის არც პრო-საბჭოთა როლი მოსწონდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საფრანგეთის კომუნისტური პარტიის დასუსტება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტიც კი იყო. დე გოლის მიზანი დამოუკიდებელი და ძლიერი საფრანგეთის შექმნა იყო. მიზნის მისაღწევად დე გოლს არც NATO-დან ჯარების გამოყვანა მორიდებია.

ფიიონი კი ერთ-ერთი ყველაზე ღიად პრორუსი კანდიდატია საფრანგეთის პოლიტიკურ არენაზე. ფიიონის აზრით, ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაკისრებული სანქციები უნდა გაუქმდეს. იმ დროს როდესაც, რუსი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდნენ, ფიიონი ამბობდა, რომ რეგიონის მოსახლეობა ძირითადად რუსულენოვანი იყო და მეტ-ნაკლებად მოსკოვს ეკუთვნოდნენ. მისი მოწინააღმდეგე ალან ჟუპე კი ყირიმის საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი თქმით, ყირიმის ანექსია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

ფიიონის თქმით, ის მიესალმება პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო ალიანსს.
13 ივლისს პარიზის ერთ-ერთ პრესკლუბში ფიიონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, "დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობისას დიდი შეცდომები დაუშვა". მისი თქმით, ევროპის არაერთმა შეცდომამ, გამოიწვია დღევანდელი დაძაბული მდგომარეობა, რუსეთთან მიმართებაში. ფიიონის თქმით დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება მოახდინა.

24 ნოემბერს, ფრანსუა ფიიონმა ალან ჟუპესთან გამართულ დებატებში აღნიშნა, რომ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდის მიერ რუსეთთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკა აბსურდულია და იწვევს რუსეთის იზოლაციასა და ნაციონალისტური რეფლექსებით მოქმედებას.

"მე ვითხოვ, რომ დავჯდეთ ერთ მაგიდაზე რუსებთან ისე, რომ ამის ნებართვას ამერიკისგან არ ვითხოვდეთ და კვლავ დავამყაროთ კავშირი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთი ევროპას მივაბათ", - თქვა ფიიონმა.

ზემოთხსენებულ მოსაზრებას ფიიონის კონკურენტი ჟუპეც დაეთანხმა. მისი თქმით, არ არის საჭირო საფრანგეთი გახდეს რუსეთის მოწინააღმდეგე.

"საჭიროა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი. მაგრამ, პუტინს უნდა ვუთხრათ ღიად და პირდაპირ, რომ ყირიმის ანექსია სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს", - აღნიშნა ჟუპემ.

ფიიონი თვლის, რომ საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად უნდა იმუშაოს. ფიიონის თქმით საფრანგეთმა ტერორიზმთან ბრძოლისას ყველა მხარესთან უნდა ითანამშრომლოს მიუხედავად იმისა, იქნება ეს დემოკრატიული ძალა თუ არა. Atlantico-სთან ინტერვიუში ზემოთხსენებული აზრი მან ასეც გაამყარა : „ნაციზმის დასამარცხებლად, დე გოლი, ჩერჩილი და რუზველტი სტალინს გაუერთიანდნენ". სირიის საკითხთან დაკავშირებით ჟუპეს განსხვავებული პოზიცია აქვს. ის ალეპოში რუსეთის სამხედრო ძალების განლაგებასა და ბაშარ ალ ასსადის მხარდაჭერას ღიად აკრიტიკებს.

გარდა ამისა, ფიიონი ჟუპეს მსგავსად თვლის, რომ ევროკავშირმა უნდა იმუშავოს ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზირებაზე და შეამციროს ბიუროკრატია. ფიიონმა ისიც აღნიშნა, რომ ის მხოლოდ იმ ევროპულ ქვეყნებთან აპირებს მუშაობას, რომლებიც საფრანგეთის სუვერენიტეტს პატივს სცემს.

ფიიონი არასდროს მორიდებია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ღია კრიტიკას. ფიიონი ეწინააღმდგებოდა NATO-ს მიერ რუსეთის საზღვართან ანტისარაკეტო სისტემების განთავსების, რადგან, მისი აზრით, ეს ახალი ცივი ომის დაწყების საშიშროებას ქმნიდა. ის დონალდ ტრამპისგან კი უკეთეს ხედვას იმედოვნებს, ვიდრე ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას ჰქონდათ. გარდა ამისა, ფიიონი ერაყთან ომის წინააღმდეგიც იყო.

ეკონომიკა

ფრანსუა ფიიონს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მარგარეტ ტეტჩერი მისი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ფავორიტი ეკონომიკური მოდელი კი ანგლო-საქსური (რაც დაბალ გადასახადებს, ნაკლებ რეგულაციებს, თავისუფალი ვაჭრობისა და ბიზნესითვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას გულისხმობს). ფიიონი მხარს უჭერს ბიზნესისთვის უფრო მომგებიანი რეფორმების გატარება და გადასახადების შემცირებას.

ფიიონის კამპანიის მთავარი დაპირება, 5 წლის მანძილზე ნახევარი მილიონი საჯარო მოხელის შემცირება და 35 საათიანი სამუშაო კვირის 39 საათამდე გაზრდაა. (იგულისხმება საჯარო სექტორში დასაქმებულთა სამუშაო საათები)

რაც შეეხება კერძო სექტორს, ფიიონი აპირებს, რომ კერძო დამსაქმებლებს მისცეს უფლება, თავად მოელაპარაკონ მომუშავეებს სამუშაო საათების რაოდენობაზე, თუმცა ევროკავშირის მიერ დაწესებული მაქსიმუმ 48 საათიანი სამუშაო კვირის ლიმიტის გათვალისწინებით. განსხვავებით მისი კონკურენტი ალან ჟუპესგან, რომელიც მზად არის კერძო სექტორს სამუშაო საათები 39-მდე გაუზარდოს.

სახელისუფლებო ხარჯებზე კი ჟუპეს მსაგვსად 100 მილიარდის დაზოგვას.

იმიგრაცია

ჟუპეს მსგავსად, ფიონსაც მიგრანტთა რაოდენობის პარლამენტის მიერ დაწესებული კვოტების მიხედვით განსაზღვრულ მინიმუმამდე დაყვანა და არალეგალი მიგრანტები დეპორტაციის გაზრდა სურს.

თავდაცვა

ტერორიზმისგან თავისდასაცავად, ფიიონს ჟუპეზე მკაცრი მიდგომები აქვს.

ფიიონს სურს, სირიაში და ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან შეერთების მიზნით წასული საფრანგეთის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საფრანგეთში შესვლის უფლების ჩამორთმევა.

ფიიონი აპირებს მუნიციპალური პოლიციას მიეცეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

ციხეში პატიმართა ადგილების 16 000-ით გაზრდა.

უმცირესობები

ჟუპესგან განსხვავებით, რომელმაც ლიბერალების მხარდაჭერა იმით მოიპოვა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლებას მხარი დაუჭირა, ფიიონი მხარს არ უჭერს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლებას. მისი თქმით, ის ქრისტიანული ოჯახის ღირებულებების მხარდამჭერია და მარტო ხელა ქალებისა და ლესბოსელი წყვილებისთვის სამედიცინო ჩარევით განაყოფიერების წინააღმდეგაც გამოვიდა. ფიიონის თქმით, "ბავშვი მხოლოდ დედისა და მამის ნაყოფია".

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ფიიონი საფრანგეთის მოსახლეობის ეთნიკური სტატისტიკის შეგროვების ინიციატივით გამოვიდა. საფრანგეთის კონსტიტუციის პირველი პარაგრაფის მიხედვით, "კანონის წინაშე თანაბარია ყველა, მიუხედავად რასისა, რელიგიისა და ეთნიკური სტატისტიკისა". მოცემულ პარაგრაფს საფრანგეთის როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფრთაც ეთანხმება, რადგან ორივე მხარე ამ შეთანხმებას ქვეყნის დამფუძნებელი იდეოლოგიის მთავარ პრინციპად მიიჩნევს, თუმცა ფიიონის აზრით, "ეს უბრალოდ ტაბუდადებული თემაა უნდა მოიხსნას. ეთნიკური სტატისტიკის ირგვლივ არსებული ტაბუ, მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს , რადგან ისინი ხედავენ უმცირესობების ინტეგრირების შესახებ საჯარო გამოსვლებსა და იმ რეალობას შორის უდიდეს განსხვავებას, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან.

ეთნიკური სტატისტიკის შეგროვებასა და გამოყენებას მხარს, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენიც კი არ უჭერს.

გარდა ამისა, ფრანსუა ფიიონი ბურკინის აკრძალვის ერთ-ერთი ინიციატორიც იყო.

ფიიონის რეიტინგის ზრდა

რესპუბლიკელთა პრაიმერების დაწყებამდე, უკანასკნელ გამოკითხვებში ფრანსუა ფიიონი ნიკოლა სარკოზისა და ალან ჟუპეს შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ პირველ ადგილზე გავიდა და სარკოზი მეორე ტურს მიღმა დატოვა.

ფიიონმა კამპანია ყველაზე ადრე, 2014 წლის დასაწყისში დაიწყო. თავდაპირველად მან ჟუპესა და სარკოზისგან განსხვავებით, საჭირო მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. ჟუპეს მხარს რესპუბლიკური პარტიის ცენტრისტი მხარდამჭერები უჭერენ. ფიიონს კი გათვლა, რესპუბლიკელთა მემარჯვენე მხარდამჭერებზე ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილიც საწყის ეტაპზე სარკოზის უჭერდა მხარს. როდესაც ფიიონი სარკოზის აკრიტიკებდა, ჩნდებოდა კითხვა - თუ ფიიონი სარკოზის რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდა, მაშინ რატომ რჩებოდა ის სარკოზის პრეზიდენტობის დროს პრემიერის პოსტზე?

თუმცა ფიიონის უპირატესობა ის იყო, რომ მისი ეკონომიკური პროგრამა ყველაზე ცხადი. მისი ეკონომიკური რეფორმების მიზანი კი კარგად ახსნილი. ფიიონმა პოტენციურ 1.5 მილიონ ამომრჩეველს სათითაოდ გაუგზავნა ოთხგვერდიანი ბროშურები, სადაც დეტალურად ახსნილი იყო მისი პოლიტიკის მთავარი მიზნები და განხორციელების გზები.

გარდა ამისა, ფიიონმა ერთნაირ სქესიან წყვილთა ქორწინებასა და ბავშვის აყვანის უფლებაზე პრინციპულად უარყოფითი დამოკიდებულებით, შეძლო კათოლიკე ფრანგების მხარდაჭერის მოპოვებაც.

რესპუბლიკელთა პრაიმერის მეორე ტური საფრანგეთში დღეს გაიმართება.

კომენტარები