მონეტარული პოლიტიკა

გაჩეჩილაძე: ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად შერბილება შეეძლო

არჩილ გაჩეჩილაძე
facebook.com/galtandtaggart

27 ივლისს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკმა რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით შეამცირა. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში ლარის რესურსი გაიაფდა, რამაც წესით ხელი ბიზნესსაქმიანობას და დასაქმებას უნდა შეუწყოს. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად შერბილება შეეძლო. ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციაა, რის ფონზეც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება საჭირო არაა. 

"აშკარაა, რომ სამიზნე ინფლაცია არის 5%. დღეს ინფლაცია არის 1.5%, ნებისმიერი ტიპის გაიაფება ლარის რესურსის, მგონია, არის კარგი ეკონომიკისთვის. 0.25%-ით შემცირება, მგონია, რომ არის ცოტა, შეიძლება უფრო მეტადაც ამის გაკეთება", - ამბობს გაჩეჩილაძე.

უკვე მეხუთე თვეა, რაც ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის სამიზნე 5%-ზე დაბლაა. საქსტატის მონაცემებით, ივლისში ინფლაციამ 1.5% შეადგინა. ივნისში წლიური ინფლაცია 1.1%, მაისში კი 2.1% იყო. 

საქართველოში ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. როვნული ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და ამ ინფლაციის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს ზრდის ან ამცირებს.
 
ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო მონეტარული პოლიტიკა 2015 წელს გაამკაცრა. გაზაფხულზე კი ლარის გამყარებისა და ინფლაციის შემცირების გამო ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 8%-დან რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 7.5%, შემდეგ 7%, ახლა კი 6.75%-მდე შეამცირა. 
 
ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს 6%-მდე შეამცირებს. ეროვნულ ბანკში ასევე ფიქრობენ, რომ ინფლაცია წლის ბოლო კვარტალში გაიზრდება.

2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%.

 

 

კომენტარები