საქართველოს პარლამენტი

TI: 2015 წელს, 27 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არც ერთხელ არ უსარგებლია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2015 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 123-მა წევრმა ისარგებლა, ხოლო 27-ს არ უსარგებლია. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ პარლამენტის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. TI აღნიშნავს, რომ სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულა უმცირესობის 14, ხოლო უმრავლესობის - 12 წევრი. ასევე, სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია დამოუკიდებელ დეპუტატ კობა დავითაშვილს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების პერიოდში პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის 326 საქართველოს მთავრობის ინიცირებული, 1601 დადგენილება, რატიფიცირება მოახდინა 49 საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების და კონვენციის. 2015 წელს პრეზიდენტმა ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება და 31 ივლისს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

"2015 წელს პარლამენტში ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის, 19 რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა 7 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პარლამენტის ბიუროს 129 სხდომა და კომიტეტების 668 სხდომა. 2015 წელს პარლამენტის წევრებმა საპატიო მიზეზით სხდომა 2199 შემთხვევაში გააცდინეს. მათ შორის ოჯახური მდგომარეობა – 1442 გაცდენა (2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 65-ით გაიზარდა)", - ნათქვამია TI-ის კვლევაში და აღნიშნულია, რომ 2015 წელს სამივლინებო ხარჯებზე დაიხარჯა 1 513 385 ლარი. მივლინებაში იყო პარლამენტის 98 წევრი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეკომენდაციით, პარლამენტმა მაქსიმალურად უნდა აიცილოს თავიდან კანონების ამოქმედების გადავადება. ასევე, სისტემატურად კანონპროექტების დაჩქრებული წესით განხილვა და დაუსაბუთებლად განხილვა. TI ასევე მოუწოდებს პარლამენტს, გაძლიერდეს კონტროლი - პლენარულ სხდომაზე და საკომიტეტო მოსმენებზე საფუძვლიანად განიხილებოდეს ანგარიშალდებულო ორგანოების ანგარიშები, ტარდებოდეს სამთავრობო საათი, პარლამენტის წევრები აქტიურად იყენებდნენ სადეპუტატო კითხვის უფლებას. პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკუთარ მოვალეობებს, ესწრებოდნენ პლენარულ და კომიტეტის სხდომებს. ასევე, საკანონმდებლო პროცესში მეტად იყოს ჩართული საზოგადოების წევრები, კომიტეტები ქმნიდნენ სამუშაო ჯგუფებს. გაიზარდოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება პარლამეტის საქმიანობის შესახებ - პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდეს ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის მივლინების შესახებ, სხდომები საპატიო გაცდენათა რაოდენობა მიზეზების მითითებით, დროულად განთავსდეს სხდომების ანონსები, კანონპროექტები და კომიტეტთა დასკვნები.

კომენტარები