შიდა ვალი

მთავრობამ თქვენი პენსია სესხით დაფარა, სესხის განაკვეთი კი გაუძვირდა

iStockPhoto

მთავრობა საკუთარ ხარჯებს, როგორიცაა გზების მშენებლობა, ხელფასებისა და პენსიების დარიგება, ბიუჯეტიდან აფინანსებს. ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი გადასახადების აკრეფით ფინანსდება, მისი მცირე ნაწილი კი უცხოური გრანტები, საერთაშორისო კრედიტები და შიდა ვალია. შიდა ვალი არის თანხა, რომელსაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მთავრობა საქართველოს კომერციული ბანკებიდან სესხულობს, ამ სესხების საპროცენტო განაკვეთები კი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია, რის გამოც მთავრობას ხარჯების დაფინანსება გაუძვირდა. 

შიდა ვალის მოცულობა განსაკუთრებით ქართული ოცნების პერიოდში გაიზარდა, 2015 წლის ბოლოს უკვე აშკარა გახდა, რომ მისი საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც მთავრობამ ვალის აღება 2015 წელთან შედარებით შეამცირა.

  • 2010 წელი - 172 მილიონი 14%-იანი განაკვეთი
  • 2011 წელი - 91 მილიონი 9%-იანი განაკვეთი
  • 2012 წელი - 58 მილიონი 7%-იანი განაკვეთი
  • 2013 წელი - 150 მილიონი 4%-იანი განაკვეთი
  • 2014 წელი - 573 მილიონი 6%-იანი განაკვეთი
  • 2015 წელი - 572 მილიონი 6%-იანი განაკვეთი
  • 2016 წელი - 200 მილიონი (გეგმა) 11%-იანი განაკვეთი

შიდა ვალის აღება საგარეო ვალთან შედარებით ძვირია, რადგანაც საგარეო ვალის პირობები ძირითადად გრძელვადიანია - დაახლოებით 25 წელი, მისი განაკვეთი კი 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა მთავრობისთვის ხშირ შემთხვევაში შიდა ვალი საგარეო ვალთან შედარებით უფრო კომფორტულია, რადგანაც საგარეო ვალი ძირითადად რომელიმე საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაზე არის მიბმული, შიდა ვალით კი მთავრობას ნებისმიერი ხარჯების დაფარვა შეუძლია. მაგალითად, წელს საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტი 180 მილიონი ლარით იზრდება, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა ამ ხარჯს შიდა ვალის აღებით აფინანსებს. 

ერთ და ორწლიანი სახაზინო ვალდებულების საპროცენტო განაკვეთები კი ასე გამოიყურება:


ფოტო: mof.ge


ფოტო: mof.ge

საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზი კი რამდენიმეა, პირველი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, ასევე ობლიგაციების განაკვეთს მთავრობის მიერ სესხების ბაზარზე გააქტიურებაც იწვევს. როდესაც მთავრობა წლის მანძილზე ბანკებისგან 500-600 მილიონ ლარს სესხულობს, ამით სესხების ბაზარზე დამატებით მოთხოვნას ქმნის, მოთხოვნის ზრდა კი საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს. ამ ბაზარზე მთავრობის აქტიური მონაწილეობა კი კერძო სექტორზე უარყოფითად აისახება, რადგანაც სესხზე განაკვეთები კერძო სექტორსაც ეზრდება, რის გამოც ბიზნესსაქმიანობა უფრო ძვირი ხდება. 

კომენტარები