ბაია დავითაიას საქმე

ბაია დავითაიას ადვოკატების პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაზე

Forbes

ბაია დავითაიას ადვოკატების მოსაზრებით, თემურ უგულავასა და დავითაიას შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ თავისი ზედაპირულობით, მტკიცებულებებისადმი არასერიოზული, ზერელე დამოკიდებულებით, ფაქტებისა და გარემოებების შერჩევითი ციტირებით, მცდარი და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით, არსებითად გაამყარა მოსამართლე გიორგი ებანოიძის მოტივაციასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვი - რომ საქმე კორუფციულ გარიგებას ეხება.

ბაია დავითაიას ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფომ მოსამართლე გიორგი ებანოიძის მიმართ ზომები უნდა მიიღოს, რადგან მისი ქმედება ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და ზიანს აყენებს საზოგადოების მხრიდან სასამართლოს ნდობას.

"2015 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელით გავრცელდა მოსამართლე გიორგის ებანოიძის განცხადება ბიზნესმენ თემურ უგულავასა და მის მეუღლეს, ნანა (ბაია) დავითაიას შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ებანოიძე ცდილობს, გაამართლოს მის მიერ 2015 წლის 31 ივლისს მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება. აღნიშნულმა განცხადებამ, თავისი ზედაპირულობით, მტკიცებულებებისადმი არასერიოზული, ზერელე დამოკიდებულებით, ფაქტებისა და გარემოებების შერჩევითი ციტირებით, მცდარი და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით, არსებითად გაამყარა ჩვენს მიერ მოსამართლე გიორგი ებანოიძის მოტივაციასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვი. კერძოდ ის, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბაია დავითაია არის შეგებებული მოსარჩელე და არა მოსარჩელე. ეს ერთი შეხედვით უწყინარი შეცდომა მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იმგვარად, რომ თითქოს დავის ინიციატორი იყო დავითაია, როცა სინამდვილეში, აღნიშნული დავა დაიწყო თემურ უგულავას სარჩელით, ხოლო ბაია დავითაიამ შეგებებული სარჩელი წარადგინა მხოლოდ 8 თვის შემდეგ, როცა მისთვის ცხადი გახდა პრობლემის სამართლიანი და ცივილიზებული მოგვარების შეუძლებლობა. ეს გარემოება კარგად არის ცნობილი მოსამართლე ებანოიძისთვის.

რაც შეეხება განცხადების სხვა დეტალებს:

- ებანოიძე აღნიშნავს, რომ თითქოს "დავითაიას სასარჩელო მოთხოვნა ბავშვთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა“. ეს, უბრალოდ, მტკნარი სიცრუეა, რომლის მსგავსიც არ უნდა იკადროს მოსამართლის მანტიის მატარებელმა პირმა. ბაია დავითაია ითხოვდა ბავშვისთვის იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც არსებობდა მეუღლეთა განქორწინებამდე, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე - არსებულ სასამართლო პრაქტიკასთან, რომელიც ადგენს, რომ განქორწინების შედეგად არ უნდა გაუარესდეს ბავშვის მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, გიორგი ებანოიძემ 25%-ით შეუმცირა თემურ უგულავას აუტიზმის უმძიმესი ფორმის მქონე შვილის საზღვარგარეთ ცხოვრების, აღზრდისა და მკურნალობის ხარჯები. მეტიც, თავის განცხადებაში, მან ამ ხარჯებს "გაუთვალისწინებელი ხარჯები" უწოდა. ასევე მტკნარი სიცრუეა გიორგი ებანოიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბაია დავითაიამ არ წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობის საჭიროებას. დავის ფარგლებში სასამართლოში წარდგენილმა მასალებმა შეადგინა 13(!) ტომი, რაც უპრეცედენტო ოდენობაა სამოქალაქო დავისათვის. მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ალიმენტის ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ეხებოდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ სრული იგნორირება გაუკეთა მტკიცებულებებს და არ მოახდინა მათი შეფასება, რაც მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა.

- ხაზგასასმელია, რომ გიორგი ებანოიძის განცხადების უდიდესი ნაწილი ეხება ალიმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, მაშინ როცა დავის ძირითადი ნაწილი შეეხებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფას. მოსამართლის დარღვევების უმეტესობაც სწორედ ამ კუთხით ფიქსირდებოდა. რა გასაკვირია, რომ თავის განცხადებაში მოსამართლე ებანოიძე ქონების გაყოფის საკითხს მხოლოდ ერთი წინადადებით ეხება და, რეალურად, გვერდს უვლის მას. მოსამართლეს „დაავიწყდა“ ეხსენებინა, რომ მან არ დააკმაყოფილა ბაია დავითაიას მოთხოვნა იმ ქონების გაყოფის თაობაზე, რომელიც შეიქმნა, შეძენილ იქნა ან რომლის ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქორწინების პერიოდში. მისი ამგვარი ქცევა გასაგებია, რადგან შეუძლებელია დაასაბუთო ის, რაც იმთავითვე და აშკარად კანონსაწინააღნდეგოა.

- მოსამართლე ებანოიძეს, იმ ერთ წინადადებაში, რომელიც ამ საკითხს ეხება, ქონების გაყოფის თემა დაჰყავს საქორწინო ხელშეკრულებამდე, რაც მორიგი მტკნარი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. საქორწინო ხელშეკრულება დადებულ იქნა მეუღლეთა ქორწინების ბოლო პერიოდში (2013 წელს) და ეხებოდა ერთ კონკრეტულ აქტივს, კერძოდ, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე გამომცემლობის შენობას, სადაც დღეს ფუნქციონირებს სასტუმრო "თბილისი რუმსი". აღნიშნული ქონება შეძენილ იქნა ქორწინების პერიოდში, თუმცა საქორწინო ხელშეკრულებით ბაია დავითაიამ უარი განაცხადა აღნიშნული ქონების წილზე და დაუთმო ის თემურ უგულავას. შესაბამისად, ეს ქონება არ წარმოადგენდა დავის საგანს!

- მეორე მხრივ, საქორწინო ხელშეკრულებით, თემურ უგულავას ეკისრებოდა ვალდებულება, გამომცემლობის შენობასთან დაკავშირებული ვალდებულებების უზრუნველყოფისაგან გამოეთავისუფლებინა სასტუმრო "Holiday Inn"-ის აქტივები (სასტუმროს შენობის ჩათვლით) არაუგვიანეს 2014 წლის 16 მარტისა. თემურ უგულავას აღნიშნული ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია, რაც მხარეს არ უარუყვია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ საქორწინო ხელშეკრულების პირობების დარღვევა „დადასტურებულად არ მიიჩნია“!

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ მოსამართლე გიორგის ებანოიძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელით გავრცელებული განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირიქით, განცხადების შინაარსი მხოლოდ ამყარებს იმ ეჭვებსა და ვარაუდებს, რომელიც უკვე გამოითქვა საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით.

სასამართლო ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა ქმედება ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და ზიანს აყენებს საზოგადოების მხრიდან სასამართლოს ნდობას. ბაია დავითაიას წარმომადგენელთა პრესკონფერენცია სწორედ ამას - ერთი კონკრეტული მოსამართლის უკანონო ქმედებების გამოვლენას - ისახავდა მიზნად, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით", - წერია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ბაია დავითაია მოსამართლე გიორგი ებანოიძეს სქესობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები