საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნულ ბანკზე კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა უთხრა.

"ამაზე არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესიული კუთხით. შესაბამისად, ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ნაწილის განვითარებას რაიმე ფორმით აზიანებს, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს", - განაცხადა აბაშიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წინააღმდეგობაშია ასოცირების დღის წერიგთან.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვსაუბრობთ, აღნიშნული კანონპროექტი რამდენად მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან; ჩვენ ჯერ კიდევ არ ვსაუბრობთ დეტალურად, კანონპროექტის შინაარსი რამდენად მოდის სრულ წინააღმდეგობაში იმ თანამდროვე ტენდენციებთან, რა მიმართულებითაც დღეს საბანკო სექტორი, საბანკო ზედამხედველობა ვითარდება, მაგრამ ვსაუბრობთ ფაქტზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა უკვე გუშინ. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რაც ძალიან სამწუხაროა და შესაბამისად, დაირღვა საქართველოს მთავრობის #59 განკარგულება, რომელიც სწორედ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეეხება, ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა გუშინდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. დავით ონოფრიშვილმა კი, თავისუფალი დემოკრატების სახელით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ამასთან, ინიციატორებმა განაცხადეს, რომ გაიზიარეს გამოთქმული შენიშვნები და ისინი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანილ დოკუმენტში აისახება. კომიტეტებმა ამ დათქმით კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები