საბანკო სექტორი

აპრილში კომერციული ბანკების მოგება 52%-ით შემცირდა

REUTERS

აპრილში საქართველოს 20 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 13.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 52%-ით ნაკლებია. კომერციული ბანკების მოგების კლება ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება, რის გამოც ბანკებმა მომხმარებლებისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია განახორციელეს, რაც მათი შემოსავლების კლებას იწვევს. სავალუტო კრიზისის გამო $250-მილიონიან დანაკარგზე საუბრობს თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, იმ აქციონერებმა, რომლებმაც ბანკის აქციები სავალუტო კრიზისის დაწყებამდე შეიძინეს, $250-მილიონიანი ზარალი მიიღეს. 

საბანკო სექტორზე სავალუტო კრიზისის გავლენაზე ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის ზრდაც მეტყველებს, რაც აპრილში წინა თვესთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 348 მილიონი ლარი შეადგინა. ლარის გაუფასურებამ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება ერთი მესამედით გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. 

საბანკო სექტორის შემოსავლები სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელების სიდიდითაც განისაზღვრება.

2015 წლის აპრილში საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აპრილში ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა 0.4%-ით, უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა კი 0.7%-ით გაიზარდა

სადეპოზიტო პორტფელის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 13 მილიარდ ლარს მიაღწია, თუმცა ეს ზრდა მეტწილად ლარის გაუფასურების შედეგია. იმის გამო, რომ დეპოზიტების 66% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, ლარის გაუფასურების გამო მისი მოცულობა გაზრდილია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის გაუფასურების ეფექტის გარეშე დეპოზიტების რეალური ზრდა 0.9%-ია. წინა წელთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ლარის გაუფასურების მიუხედავად 0.07%-ით გაიზარდა.  

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო შეწონილი სადეპოზიტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 8.3%-ს, უცხოურ ვალუტაში კი 4.1%-ს უტოლდება.

აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკების თითქმის 23-მილიარდლარიანი აქტივებიდან, 3.6 მილიარდი ლარი ბანკების საკუთარი სახსრებია.

კომენტარები