თეორემა

რუსული ტერორიზმი უკრაინაში

გასული შაბათ-კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა დაჯგუფებებმა დონეცკის აეროპორტი აიღეს. მოგვიანებით დაიბომბა საპორტო ქალაქი მარიუპოლი. დაიღუპა 27 მშვიდობიანი მოქალაქე. რამდენიმე დღით ადრე, ტერორისტული აქტები განხორციელდა ხარკოვის სასამართლო შენობასა და ზაპოროჟიეს სარკინიგზო ხაზზე. გრადით ვოლნოვახაში ააფეთქეს ავტობუსი, რასაც 13 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოხლე შეეწირა. მთლიანად, გასული 10 თვის განმავლობაში უკრაინა რუსეთის ომმა 5000 სამოქალაქო პირი და გაცილებით მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, სეპარატისტი და რუსი მებრძოლი იმსხვერპლა.

უკრაინელთა ინფორმაციით ტერორისტებს ე. წ. ახალი რუსეთის, ნოვოროსიას ცენტრებში წვრთნიან - ბელგოროდში, ტამბოვში, ტაგანროგში, როსტოვში, რუსეთის მიერ ოკუპირებული მოლდოვას ტეროტორიაზე, ანუ დნესტრისპირეთში და ყირიმში. უკრაინული ძალების მიერ დაკავებული ტერორისტები დაკითხვისას გამოტყდნენ, რომ სევასტოპოლის ბაზაზე გაიარეს წვრთნები და ამ წვრთნებს გრუ და ეფესბე უწევდა ორგანიზებას.

როგორც ირკვევა ტერორისტებს ხუთი დავალება აქვთ: 1. სარკინიგზო ხაზებისა და სამთავრობო შენობების აფეთქება, პროუკრაინული გამოსვლების დაბომბვა, სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა.

2. ქვეყნის დესტაბილიზაცია და პანიკის გამოწვევა.

3. სადაზვერვო მასალის მოგროვება უკრაინული შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ბატალიონების გადაადგილების შესახებ.

4. იატაკქვეშა სტამბების შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე და პრორუსული პროპაგანდის წარმოება.

5. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ინფილტრაცია - შეღწევა.

უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ტერორისტულ სახელმწიფოებად აღიარებას. მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ, უკვე გაეროს თხოვს იმის დადასტურებას, რომ რუსეთი არღვევს გაეროს საერთაშორისო კონვენციას ტერორიზმის დაფინანსებას აღკვეთის შესახებ, რადგან არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ტერორისტულ აქტებს რუსეთი აფინანსებს, მათ რუსები წვრთნიან და ისინი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებენ.

რამდენად დააკმაყოფილებს დასავლეთი უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნას ცალკე საკითხია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სახელმწიფოებს და შეერთებული შტატებს რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გართულების ენთუზიაზმი არ გააჩნიათ და გარკვეულ გარიგებებზეც მზად არიან, მაგალითად ყირიმის ხარჯზე დანარჩენ უკრაინაში სტაბილურ ვითარებას თუ მიიღებენ. უფრო მეტიც, პარიზის ტერორისტული აქტის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირე უწოდა, ხოლო ევროკავშირმა, მოსკოვს ნება დართო თავად აერჩია, ევროკავშირის რომელი წევრი სახელმწიფოებიდან დაუშვებს სურსათის იმპორტს.

რას შეცვლის მარიუპოლზე თავდასხმა უკრაინისთვის საერთაშორისო ფრონტზე - ამ და სხვა საკითხებზე ვიმსჯელებთ თეორემას პირველ ნაწილში.

სტუმრები: დავით სიხარულიძე, ლევან ცუცქირიძე.

კომენტარები