თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში

Irakli Alasania
Tabula

"აბსოლუტურად, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება ამ საქმეზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხი", - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მისი თქმით, დღეს პრემიერმინისტრს გადასცემს მასალებს, სადაც დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები უდანაშაულოები არიან. ალასანია აქვე აღნიშნავს, რომ "სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას".

"შევხვდი ჩვენი დაკავებული ოფიცრებისა და თანამშრომლების ოჯახებს. ისინი ძალიან მტკიცედ დგანან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიჭებს ოჯახების მხარდაჭერა ჰქონდეთ. ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა - აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხი ამ საქმეზე და ეს გამოძიება წარიმართება ტრანსპარანტულად", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში რეფორმები არ გაჩერდება.

"ის რეფორმები, რაც ყველაზე უფრო კრავს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცესთან, რომლებიც ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში, არ გაჩერდება, კიდევ უფრო დიდი ტემპებით წავა წინ და ჩვენი სამინისტრო გააგრძელებს რეგულარულ ფუნქციონირებას", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ამავე საქმეზე დღეს პროკურატურა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს მოწმის სახით დაკითხავს. ბრალდების მხარის განცხადებით, თავდაცვის უწყებასა და კომპანია სილქნეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ბატიაშვილი აწერს ხელს. საგამოძიებო უწყება ბატიაშვილისა და სილქნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზეც ამახვილებს ყურადღებას. სილქნეტში კი განმარტავენ, რომ ჩინჩალაძე კომპანიაში 2012 წლიდან მუშაობს, ბატიაშვილი კი ალასანიას მოადგილედ 2013  წელს  დაინიშნა.

კომენტარები