საქართველო-აშშ

ვოლკერი: დასავლეთმა 2008 წლის ომიდან მხოლოდ მცდარი გაკვეთილები ისწავლა

ამერიკის ხმა

NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის შეფასებით, "ამ ეტაპზე რუსეთი იმდენად მონდომებულია, რომ მისი შეჩერება მხოლოდ სამხედრო ძალითაა შესაძლებელი". როგორც ვოლკერმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა, "ვიღაც რუსეთს სამხედრო ძალით უნდა დაუპირისპირდეს. უკრაინა ამას უკვე აკეთებს, მაგრამ დანარჩენი ევროპა - არა". მისივე თქმით, 2008 წელს, "ევროპამ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია ფაქტად მიიღო და არავინ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს". ყოფილი ელჩის შეფასებით, ეს დიდი იმედგაცრუებაა.

"ამას გარდა, რეგიონში დემოკრატიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით უკუსვლა შეინიშნება. უკრაინას რაც შეეხება, ჩემი აზრით, რუსეთმა საქართველოში კარგი გაკვეთილი მიიღო. ის უკრაინაში ჯარებს შეუნიღბავად აღარ შეიყვანს და უფრო მეტად ფარულ ოპერაციებს ჩაატარებს. რუსეთმა ყირიმი ძალიან სწრაფად იგდო ხელთ, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. ჰუმანიტარული კოლონის შეგზავნის მცდელობით, რუსეთს სურს, დაგვანახოს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელი მიუწვდება. უკრაინის ჯარმა მცდელობა უნდა აღკვეთოს, ან კოლონას გზა გაუხსნას. ორივე შემთხვევაში რუსეთს მზად ექნება რეაგირების გეგმა", - აცხადებს ვოლკერი.

ამერიკის ხმის კითხვაზე, რა ისწავლა დასავლეთმა 2008 წლის ომიდან, NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი პასუხობს, რომ "სამწუხაროდ, მხოლოდ მცდარი გაკვეთილები". მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაფუჭებული იყო და ამან მიგვიყვანა ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკამდე.

"დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობის გართულებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და მდგომარეობის გამოსასწორებლად საკუთარი პოზიციის შეცვლა გადაწყვიტა. ჩემი აზრით, ამან ხელი შეუწყო პუტინის აგრესიის ზრდას, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით და იმ შესაძლო სამხედრო ავანტიურას, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ", - აღნიშნავს ვოლკერი.

მისივე შეფასებით, ძალიან რთულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის იმაზე მეტად გაუარესება, რაც 2008 წელს იყო, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.

"ეს ძალიან დაბალი ათვლის წერტილია. ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა ურთიერთობის დასტაბილურებას შეეცადა. ახლანდელი მთავრობის პირობებში ურთიერთობა უდავოდ უფრო სტაბილურია, თუმცა არა მგონია, საქართველოს მიმართ რუსეთის ზრახვები შეცვლილიყო. გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეომებიან, დასავლეთის შეშფოთებას ზრდის, რაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში არ ეხმარება", - აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში.

კომენტარები