ნარკოტიკები

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევა პოლიციისთვის გადაცემას აღარ ექვემდებარება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას აღარ დაექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, "თუ დამატებით სახეზე არ არის ამავე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“ შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №239/ნ ბრძანებაში.

კერძოდ, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას ექვემდებარება:

ა) ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; 

ბ) უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; 

გ) ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; 

დ) მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა (გარდა ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობისა), როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; 

ე) ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; 

ვ) საავადმყოფოში გვამის მიტანის, ან პაციენტის მიყვანიდან 24 საათში დამდგარი სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ხელმოწერილი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

კომენტარები