აშშ-ერაყი

ობამა: საჰაერო დარტყმები ერაყში საომარ აღჭურვილობას წარმატებით ანადგურებს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკის საჰაერო დარტყმების შედეგად, ერაყში იმ ტექნიკისა და შეიარაღების განადგურება წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეიძლება, გამოეყენებინათ ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ირბილის წინააღმდეგ.

ობამას თქმით, ადგილიდან გახიზნულ ათიათასობით ერაყელს ჰუმანიტარულ დახმარებას აშშ საჰაერო გზით კვლავ აწვდის.

ობამას თქმით, მან ზუსტად არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ის სამხედრო ჩართულობა ჩრდილოეთ ერაყში. მისი განმარტებით, ეს ერაყის პოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ერაყში ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო იერიშის შესახებ ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებული მებრძოლების წინააღმდეგ.

ამერიკულმა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავებმა წერტილოვანი დარტყმებით იერიში მიიტანეს ერაყში არსებულ „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ" წოდებული გაერთიანების წინააღმდეგ ქალაქ ართლილთან.

გუშინ, 8 აგვისტოს, პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ისლამისტი მებრძოლების სამხედრო ტექნიკა და ის საარტილერიო დანადგარები, რომლითაც ისლამისტები ქალაქ ირბილის დამცველებს ბომბავდნენ.

პენტაგონისვე ინფორმაციით, ისლამისტები არტილერიით ბომბავდნენ იმ პოზიციებს სადაც აშშ-ის სამხედრო პერსონალიც იმყოფებოდა.

ობამას გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა სიტუაციის სიმძიმე ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში - ალ-ყაიდამ და მასთან დაკავშირებულმა სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე მოახერხეს პოზიციების გაძლიერება ჩრდილოეთ ერაყში.

„ქალაქ ირბილში ამერიკელი სამხედროები და დიპლომატები არიან. მათი დაცვა ერაყში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სამხედრო ძალას ვიყენებთ", - ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯოშ ერნსტი.

ერნსტმა აღნიშნა, რომ წერტილოვანი დარტყმების რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ პრეზიდენტის განკარგულება არ გამორიცხავს მათი რაოდენობის გაზრდასაც.

ერნსტის თქმით, სამხედრო ოპერაცია ერაყის პრემიერის ნური ალ მალიკის თხოვნის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ამერიკელმა დიპლომატებმა განუმარტეს ალ-მალიკს, რომ ამერიკა ყოველმხრივ დახმარებას ისლამისტებთან ბრძოლაში მას შემდეგ დაიწყებდა, რაც ბაღდადში პოლიტიკოსები უფრო ინკლუზიურ მთავრობას ჩამოაყალიბებდნენ.

კომენტარები